ლუის ენრიკე
Aa
Aa

„დანაკლისის მიუხედავად, ჩვენი იდენტობა შევინარჩუნეთ“ - ლუის ერნიკე ბარსელონასთან გამარჯვებაზე

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-2 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა:

„ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. თავიდან გაგვიჭირდა, რადგან ბურთს „ბარსელონა“ ფლობდა. პირველი 20 წუთი რთული იყო, მაგრამ შემდეგ თავდაჯერება მოვიპოვეთ. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით და გამარჯვება დავიმსახურეთ. დანაკლისის მიუხედავად, ჩვენი იდენტობა შევინარჩუნეთ. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან „ბარსელონას“ წინააღმდეგ სტუმრად თამაში და თანაც მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. გამიკვირდა თუ არა ჩემი გუნდის დომინირება? არა.“

ენრიკემ აღნიშნა, რომ ეს შედეგი გუნდისთვის მნიშვნელოვანია: „ეს შედეგი ჩვენი, როგორც გუნდის, თავდაჯერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. გასულ სეზონში ბევრი პრობლემა გვქონდა. ახლა კი ფეხბურთელების თავდაჯერება გაზრდილია. გვსურს, ამ გამარჯვებით დავტკბეთ და ჩვენს გულშემატკივრებს მივუძღვნათ.“

მწვრთნელმა ტოპ 8-ში გასვლის პერსპექტივებზეც ისაუბრა: „გავალთ თუ არა ტოპ 8-ში? არ ვიცი. ეს ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. რთული გრაფიკი გვაქვს და ძნელია, მუდმივად უმაღლეს ტონუსში იყო. ყველა მატჩის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ამავდროულად, შეიძლება ყველა მატჩი წავაგოთ კიდეც. ტოპ 8 არ მაინტერესებს, მთავარია გუნდის დნმ-ის შეგრძნება.“

„ამაყი ვარ თუ არა საკუთარი სტილის დამკვიდრებით? როგორც გითხარით, მნიშვნელოვანი მოთამაშეების არყოფნის მიუხედავად, ერთი და იგივე იდენტობით ვთამაშობთ. მეორე ტაიმი ძალიან მაღალი დონის გვქონდა. ასე უნდა გავაგრძელოთ,“ – განაცხადა მან.

ლუის ენრიკემ „ბარსელონასთან“ სტუმრად თამაშის სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება: „ბარსელონასთან სტუმრად თამაში რთულია, მარტივი არასდროსაა. უნდა ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ მატჩი და როგორ მოვერგოთ ყველა სიტუაციას. გასულ სეზონში ვაჩვენეთ, რომ სირთულეების დაძლევა შეგვიძლია. ეს მატჩი „ტოტენჰემთან“ სუპერთასის ფინალს ჰგავდა. იქაც იგივენაირად დავიწყეთ და 2-0 ვაგებდით, მაგრამ ბოლო 10 წუთში შევძელით დაბრუნება.“

მან ასევე შეაქო განაპირა მცველები: „ეჭვგარეშეა, რომ ნუნუ მენდეში და აშრაფ ჰაკიმი მსოფლიოში საუკეთესო განაპირა მცველები არიან. ჩემთვის ეს ორი ფეხბურთელი ნამდვილად საუკეთესოა. როდესაც ჩვენსავით, აწეული დაცვით თამაშობ და ფლანგებზე ასეთი სწრაფი ფეხბურთელები გყავს, შეგიძლია მატჩისთვის მშვიდად მოემზადო. დღეს ყველამ შესანიშნავ დონეზე ითამაშა.“

ლუის ენრიკე ბარსელონასთან მატჩში

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ პსჟ-ს ტრავმების გამო ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი ვერ ეხმარებოდნენ. ასევე, ვერ ითამაშა ჟოაო ნევეშმაც, რომელიც ტრავმიდან ახალი დაბრუნებული იყო და ლუის ენრიკემ 20 წლის ნახევარმცველის მდგომარეობით გარისკვა არ ისურვა, თუმცა სამატჩო განაცხადში მაინც შეიყვანა.

ლიგის ფაზის 2 ტურის შემდეგ პსჟ-ს ორი მოგება აქვს და 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, სტუმრად, „ბაიერ ლევერკუზენთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გულშემატკირების ახალი კერპი“ - ესპანური მედიის გამოხმაურება მიქაუტაძეზე
„გულშემატკირების ახალი კერპი“ - ესპანური მედიის გამოხმაურება მიქაუტაძეზე