„სიმართლე ისაა, რომ პსჟ-ს დონეზე არ ვართ“ - რა თქვეს ბარსელონაში პარიზელებთან მარცხზე
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-2 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა განვლილი მატჩი შეაფასეს.
ჰანზი ფლიკი:
„პირველი ტაიმი გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მეორე. დაღლილობა დაგვეტყო და ძალიან ბევრი მომენტი გავუშვით. პსჟ შესანიშნავი გუნდია, ძალიან ახალგაზრდა და სწრაფი მოთამაშეებით. მათ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს. ჩვენ კი საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ, ასეთი გუნდის წინააღმდეგ კი ყოველთვის შენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა იყო. პსჟ-მა გამარჯვება დაიმსახურა.“
„ვერ ვიტყვი, რომ „ბარსელონა“ ამჟამად პსჟ-ს დონეზეა. თუმცა, ჩემი გუნდის მჯერა. მართალია, ამ მატჩში ჩვენი საუკეთესო მხარე ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ წინ გრძელი სეზონია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გამოვასწორებთ.“
„წავაგეთ, მაგრამ გვინდა ჩვენს დონეს დავუბრუნდეთ, ამიტომ ვარჯიში და გაუმჯობესება გვჭირდება. უნდა ვნახოთ, რა გავაკეთეთ არასწორად.“
ფრენკი დე იონგი:
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სახლში, ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო წაგება დიდი იმედგაცრუებაა. ვფიქრობ, ჩვენი მეტოქე ბოლო მესამედში და საერთო ჯამში ჩვენზე უკეთესი იყო. სტარტი კარგი გვქონდა, მაგრამ ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. კარგი თამაშია იმის სანახავად, თუ სად ვართ და რას უნდა მოვუმატოთ. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ჩვენ ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ვართ. დღეს პსჟ-მა მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა გრძელდება და ორივე გუნდს ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. იმის მიუხედავად, რომ მარცხი მტკივნეულია, გადამწყვეტი მატჩი არ ყოფილა.“
ჟიულ კუნდე:
„პსჟ ფიზიკურად ჩვენზე უკეთეს კონდიციაში იყო. ვერ შევძელით იმდენი ზეწოლის განხორციელება, რამდენიც გვინდოდა. ვფიქრობ, სწორედ ეს დაგვაკლდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ არა გაკვირვებულები. ვიცოდით პსჟ-ს დონისა და ძლიერი მხარეების შესახებ. ამ გუნდს მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც თავდაჯერებულები არიან. დაამტკიცეს, თუ რატომ არიან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები.“
ორი ტურის შემდეგ „ბარსელონას“ 1 მოგება და 1 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფება, „პარი სენ-ჟერმენი“ კი 2-დან 2 მოგებით მე-3 ადგილზეა. „ბლაუგრანა“ მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება, პსჟ კი სტუმრად „ბაიერ ლევერკუზენს“ შეხვდება. ორივე მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება.