„ამაყი და ბედნიერი ვარ“ - მარსელინო იუვენტუსთან მატჩის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მეორე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სადებიუტო გოლიც გაიტანა. ქართველმა შემტევმა მე-18 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მე-18 ქართული გოლის ავტორიც გახდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ, გავლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა მარსელინომ:
„არაჩვეულებრივი განცდა მაქვს. ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, როგორიც „იუვენტუსია“, და მეტოქეს თანაბრად ვეთამაშეთ, ასეც გვინდოდა. ამ დონეზე, შენი მომენტებით უნდა ისარგებლო და ჩვენი მომენტები პირველ ტაიმში იყო. მეორე ნახევარი ცუდად დავიწყეთ, შეცდომები დავუშვით. ასეთ თამაშებში მოსაგებად 90 წუთის განმავლობაში მაქსიმუმი უნდა გააკეთო, ჩვენ კი ეს 80 წუთი გავაკეთეთ. იმ 10 წუთში, როდესაც კონცენტრაცია დავკარგეთ, ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ბოლომდე ვიბრძოლეთ.“
„ჩემს მოთამაშეებს აქვთ სული, რწმენა, უნარი და ამბიცია. ეს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ მატჩში ვაჩვენეთ და ეს შემთხვევითი არ არის. შეგვიძლია, ნებისმიერ გუნდს გავუწიოთ წინააღმდეგობა. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჩემი გუნდით ამაყი და ბედნიერი ვარ.“
„ვფიქრობ, პირველ ორ მატჩში უფრო მეტი ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ საქმე ასეა - ორ თამაშში ერთი ქულა გვაქვს. სტარტი რთული გვქონდა. ზედიზედ სამი მატჩი ჩავატარეთ სამი მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ისეთი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც „იუვენტუსი“, „ტოტენჰემი“ და „ატლეტიკო“ არიან, თანაბრად თამაში შეგვიძლია. დღეს სიზუსტე და იღბალი დაგვაკლდა - საერთო ჯამში, იმ 10 წუთის გარდა, უფრო უკეთესები ვიყავით, ამიტომ კმაყოფილი ვარ.“
„ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩის ჩატარება ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა. ასევე, ეს მატჩი განსაკუთრებული იყო იმის გამო, რომ მამაჩემის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. იმ დროს „ვილიარეალის“ მწვრთნელი ვიყავი და იმ დღეს ევროპა ლიგის მატჩს ვთამაშობდით. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს შესანიშნავი მატჩის ჩატარებაში დაგვეხმარა.“
2 ტურის შემდეგ, „ვილიარეალს“ სატურნირო ცხრილში 1 ქულა აქვს და 26-ე ადგილზე იმყოფება, „იუვენტუსი“ კი 2 ქულით 23-ე პოზიციაზეა. მარსელინოს გუნდი მომდევნო ტურში, 21 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტის“ მიიღებს, „იუვენტუსი“ კი 22 ოქტომბერს მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.