„მე და ხაბიბი შევთანხმდით“ - მენდესმა მახაჩევი VS თოფურიაზე ისაუბრა
ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა მსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. მენდესის თქმით, მახაჩევისა და თოფურიას ბრძოლის ალბათობა საკმაოდ რეალურია და ამ დაპირისპირების ჩანიშვნას ხაბიბ ნურმაგომედოვიც უჭერს მხარს, თუმცა ინიციატივა ამ მხრივ UFC-ის მხრიდან უნდა მოდიოდეს.
„ილია თოფურიამ შესაძლოა ქვესაშუალო წონაში გადასვლა გადაწყვიტოს. ის კარგი მოკრივეა, აქვს ძალა და თავდაჯერებულობა. ილია ცდილობს, ისეთი ჩხუბები მიიღოს, რაც მას მემკვიდრეობის შექმნაში დაეხმარება. თუ ჩვენ დელა მადალენას დავამარცხებთ, დარწმუნებული ვარ, UFC-სთან ამაზე ვისაუბრებთ, მიუხედავად იმისა, რომელ წონაში იქნება თოფურია. ალი აბდელაზიზი და დენა უაითი ამ ვარიანტს აუცილებლად განიხილავენ. მახაჩევი VS თოფურია თეთრ სახლში - ეს ფანტასტიკა იქნებოდა.
ვერ ვიტყვი, რომ ეს არარეალურია, იმიტომ რომ მე და ხაბიბს ამაზე გვისაუბრია. ორივე შევთანხმდით, რომ თუ UFC ამას მოისურვებს, ილიასა და ისლამის ჩხუბი უნდა შედგეს, იქნება ეს მსუბუქ თუ ქვესაშუალო წონაში. ალისთან ამაზე ჯერ არ გვისაუბრია.
წონით დივიზიონს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ისლამი MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მებრძოლია. როგორ მოიგო ისლამმა ქამარი? მან ოლივეირა დაანოკდაუნა და საქმე დაამთავრა. როგორი ჩხუბი იყო ვოლკანოვსკისთან? ნოკაუტი. ისლამს ყველაფერი შეუძლია, ის ხაბიბისგან ამით განსხვავდება“.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას ჩხუბი 16 ნოემბერს, UFC 322-ზე გაიმართება.