„ალბათ სერიული მკვლელი ვიქნებოდი“ - სტრიკლენდმა წარსული გაიხსენა
შონ სტრიკლენდი ოქტაგონში მაღალ დონეზე მოქმედებების გარდა, ოქტაგონს მიღმა არაორდინალური ქცევებითაც გამოირჩევა, რის გამოც მისი ბრძოლები საკმაოდ გაყიდვადია და შესაბამისად, UFC-ის ხელმძღვანელების მხრიდანაც სათანადო დაფასებით სარგებლობს. რამდენიმე დღის წინ სტრიკლენდი ერთ-ერთ სატელვიზიო გადაცემაში იყო სტუმრად, სადაც წარსულის გახსენება სთხოვეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„სპორტდარბაზში სავარჯიშოდ 14 წლის ასაკში მივედი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. სწორედ ვარჯიშის დაწყების შემდეგ მივხვდი პირველად რომ რასისტი არ ვიყავი, უბრალოდ იმ პერიოდში ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ყველა მძულდა. 17 წლის ასაკში პროფესიონალი მებრძოლი გავხდი, მაგრამ ერთ ცენტსაც ვერ გამოვიმუშავებდი, რის გამოც ბრაზი და სიძულვილი კიდევ უფრო მომემატა - საკუთარი თავი ნამდვილი ლუზერი მეგონა.
მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვაღიარო, რომ ჩემს ცხოვრებაზე ვარჯიშმა საოცრად დადებითი ზეგავლენა მოახდინა. რომ არა შერეული ორთაბრძოლები, სერიული მკვლელი ვიქნებოდი, უკეთეს შემთხვევაში კი ფსიქიატრიულ კლინიკაში გამომკეტავდნენ“.
ცნობისათვის, რამდენიმე თვის წინ შონ სტრიკლენდი UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევის დამარცხებით გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩენი მასთან რემატჩს ითხოვს, შონი ჯერჯერობით თანხმობისგან თავს იკავებს, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბულს ხდის.