„ვერ ვითმენ ისე მინდა იდაყვი ცხვირში ჩავარტყა“ - ჰუკერი ცარუკიანს ემუქრება
საკმაოდ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, UFC-ის ხელმძღვანელებმა არმან ცარუკიანს ბრძოლა ჩაუნიშნეს. სომეხი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ილია თოფურიასთან დაპირისპირებას, თუმცა როდესაც მიხვდა, რომ მას ჯერჯერობით სატიტულო ჩხუბს არავინ მისცემდა, 22 ნოემბერს, კატარში დენ ჰუკერთან ხუთრაუნდიანი ბრძოლის ჩანიშვნას დათანხმდა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის გაოფიციალურების შემდეგ, მომავალმა მეტოქეებმა კომენტარები გააკეთეს და ორივეს განცხადება საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა.
დენ ჰუკერი
არმანის სახე არ მომწონს და მისი სხეულისგან სიამოვნებით დავაშორებდი. ცარუკიანის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი, მაგრამ მასში ყველაფერი მძულს. მოუთმენლად ველოდები, როდის ჩავარტყამ იდაყვს სახეში.
არმან ცარუკიანი
ჰუკერი ისეთივე სასაცილოა, როგორც მის მიერ გაკეთებული განცხადებები. შეიძლება თუ არა ამ ბრძოლას პრეტენდენტთა დაპირისპირება ეწოდოს? შეიძლება, მაგრამ მისი შანსები ნულის ტოლია.
ცნობისათვის, არმან ცარუკიანი ბოლოს ოქტაგონში 2024 წლის აპრილში შევიდა და ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება დენ ჰუკერს, მან აგვისტოში მატეუშ გამროტს აჯობა.