„უფრო და უფრო დაბლა ვეშვები“ - ომალი თეთრ სახლში ჩხუბზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ომალიმ თეთრი სახლის ქარდზე ისაუბრა და თავისი ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა.
რას ამბობს ომალი:
„ჯანდაბა, მეინ ივენთიდან ჯერ კო-მეინ ივენთზე გადავინაცვლე, ახლა კი მნიშვნელობით მესამე ბრძოლა მაქვს. არა და ვიმარჯვებ, ბოლო ბრძოლაც მოვიგე, მაგრამ მაინც ჩემზე დაბალი რეიტინგის მქონე მებრძოლებს ვხვდები... უბრალოდ სულ უფრო დაბლა და დაბლა ვეშვები.
მგონია, რომ სტერლინგთან ბრძოლა ძალიან დიდი იყო, ვერასთან ბრძოლაც ძალიან მასშტაბური გახლდათ. იგივე შემიძლია ვთქვა მერაბთან ჩხუბებზეც... მთავარი ბრძოლა, სატიტულო დაპირისპირება - ეს უზარმაზარი მოვლენაა. ახლა კი... ჯანდაბა, თეთრ სახლში ვჩხუბობ, ქარდზე მხოლოდ ექვსი ბრძოლაა. ეს ივენთი ძალიან დიდი მოვლენაა, მაგრამ...
თითქოს დიდი ბრძოლაა, მაგრამ, ვფიქრობ, ისე მასშტაბურად არ გამოიყურება, როგორც სატიტულო შერკინება. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?“
შეგახსენებთ, რომ შონ ომალი თეთრი სახლის ქარდზე 38 წლის კანადელ მებრძოლს, აიმან ზაჰაბის შეხვდება, რომელიც სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს. თეთრი სახლის ივენთის მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი იქნება.