„უკვე გავიმარჯვე, 14 ივნისს კი...“ - თოფურია გეიჯისთან ჩხუბზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ჩხუბში უკვე გაიმარჯვა.
რას წერს თოფურია:
„მოსაგებად არ ვემზადები, ვემზადები დომინირებისთვის. ვემზადები იმისთვის, რომ ვიბრწყინო და ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ზუსტად ამას გავაკეთებ. მნიშვნელობა არ აქვს, ჯასტინ გეიჯი იქნება ჩემი მეტოქე თუ ნებისმიერი სხვა, მაინც ზუსტად იგივეს გავაკეთებდი.“
„ჩემი პროგნოზი? ცხადია, ეს პირველ რაუნდში გამარჯვება იქნება. გამარჯვება პირველ რაუნდში“.
„ბევრი ადამიანი ქედმაღლობასა და თავდაჯერებულობას ერთმანეთში ურევს. სიმართლე კი ისაა, რომ ჩემი აბსოლუტური თავდაჯერებულობა განუწყვეტელ შრომაზე, უდიდეს დისციპლინასა და თავმდაბლობაზეა აგებული. ყველა ჩემს მეტოქეს ძალიან სერიოზულად ვუდგები.“
„გამარჯვება უკვე ჩემია. მე უკვე გავიმარჯვე. 14 ივნისს ჩვენ უბრალოდ ვაჩვენებთ ვიდეოს, რომელსაც ყველა ნახავს და სადაც გამოჩნდება, თუ როგორ ვიგებ ამ ბრძოლას.“
ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელშიც ამერიკელი მებრძოლი ამბობდა:
„მიყვარს წნეხი, მიყვარს, როცა აუტსაიდერად მიმიჩნევენ. მიყვარს, როცა ჩამოწერილად მთვლიან და მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემს მეტოქეს თავი რაღაც ღმერთი ან მეფე ჰგონია, რადგან საშუალება მეძლევა მიწაზე დავუშვა და ვაჩვენო, რომ ისიც ჩვენსავით ჩვეულებრივი ადამიანია.“
თოფურიამ ამასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მასაც ზუსტად ისეთივე საუბარი აქვს, როგორიც ჩემს ყველა დანარჩენ მეტოქეს — რომ თითქოს თავმდაბლობის გაკვეთილი უნდა ჩამიტაროს, ჩემს ადგილზე დამსვას და რომ ძალიან ქედმაღალი ვარ. თუმცა, კარგად იცით, როგორც მთავრდება ეს ყველაფერი... ძალა? ვნახოთ. ის კარგია. ისეთი ბიჭია, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს. ქაოტური კრივი აქვს, არ იცი, საიდან დაგირტყამს... მაგრამ ამ ქაოსში ჩვენ მას სიმშვიდესა და ანესთეზიას მივუტანთ.“
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი 14 ივნისს, საქართველოს დროით კი 15 ივნისის დილას გაიმართება. ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა და ბრძოლისთვის მომზადებას ადგილიდან გააგრძელებს.