„არმანისთვის ილიასთან ბრძოლა თვითმკვლელობა იქნება“ - ტაქტაროვი თოფურიაზე, ცარუკიანსა და მახაჩევზე
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ერთ-ერთმა პირველმა ჩემპიონმა, ოლეგ ტაქტაროვმა Championat.com-თან ინტერვიუს დროს ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა. ტაქტაროვი შეეხო თოფურია-ისლამ მახაჩევისა და თოფურია-ცარუკიანის პოტენციურ ბრძოლებსაც.
რას ამბობს ოლეგ ტაქტაროვი:
ახლა თუ ხედავთ მახაჩევისთვის რაიმე საინტერესო ოპონენტს, იმის გათვალისწინებით, რომ ადრე ასეთად ილია თოფურია მიგაჩნდათ?
თოფურია უბრალოდ პატარა აღმოჩნდა. გეიჯის ფონზე ის ტანმორჩილი ჩანდა, თითქოს სხვა წონითი კატეგორიიდან იყო. მახაჩევმა კი ახლა ძალა მოიკრიბა და კუნთებიც მოიმატა. უკვე ისე მოძლიერდა, რომ წონის კლებაზე საუბარიც ზედმეტია. ეს ორთაბრძოლა დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამიტომ, ზუსტად ვერ გეტყვით. შესაძლოა, რომელიმე ახალგაზრდა პროსპექტმა გაუწიოს ისლამს კონკურენცია.
ვფიქრობ, ისლამს შეიძლება რთული ბრძოლა გამოუვიდეს ან წააგოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად არ განეწყობა სათანადოდ და ბრძოლას გულგრილად მოეკიდება – ანუ, როცა მთელი ეს საბრძოლო ისტორია მობეზრდება. რაღაც მომენტში ისე გბეზრდება ბრძოლები და მზადება, მუდმივად ფორმაში ყოფნა, როცა შენ გარშემო ხალხი ისვენებს და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს... შენ კი ერთი რეჟიმით არსებობ, ამიტომ ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ძალიან დამღლელია. ასე რომ, თუ მახაჩევს ბრძოლა ფსიქოლოგიური ვარდნის ასეთ ეტაპზე მოუწევს, შესაძლოა ისლამს პრობლემები შეექმნას. ისე კი, კიდევ ორი წელი შეგვიძლია ვიხილოთ ძალიან ძლიერი ისლამი.
ცარუკიანზეც მინდა გკითხოთ. ხომ არ გაქვთ ისეთი შეგრძნება, რომ არმანი გეიჯის მორიგი მსხვერპლი გახდება, თოფურიასთან ბრძოლაში მისი მოულოდნელი გამარჯვების გათვალისწინებით?
ვფიქრობ, თოფურია ბრძოლას უბრალოდ ძალიან არასწორად მიუდგა. მან თავისი დონისთვის სრულიად შეუფერებელი ტაქტიკა აირჩია – გამარჯვების მოპოვება პირველსავე ორ რაუნდში. ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელიც არასწორად მიიღო მან ან ვინმემ მისი ბანაკიდან. ანუ, ძალები ხუთ რაუნდზე რომ გადაენაწილებინა, კაცმა არ იცის, ყველაფერი როგორ განვითარდებოდა. ასე კი, მეორე რაუნდის შემდეგ საკუთარი თავი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდო.
რაც შეეხება ცარუკიანს. თუ არმანს არ უნდა, რომ უბრალოდ ტანკს შეუვარდეს, მის ადგილას შემდეგ მეტოქედ თოფურიას არ მივიღებდი. თუმცა, მან თავადაც მშვენივრად იცის ეს ყველაფერი. არმანს ჯასტინთან გამარჯვების მეტი შანსი ექნება. ვეჭვობ, მოიგებს კიდეც. სავსებით შესაძლებელია, რომ გეიჯიმ ცარუკიანთან წააგოს. მაგრამ თუ არმანი გადაწყვეტს შემდეგი ბრძოლა თოფურიას წინააღმდეგ ჩაატაროს, ეს თვითმკვლელობა იქნება. ცალსახად.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 15 ივნისს, UFC Freedom 250-ზე ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მოსალოდნელია, რომ ილიას მომდევნო ჩხუბი კვლავ ჯასტინ გეიჯისთან ექნება, სადაც ჩემპიონის ქამრის დაბრუნებას ეცდება.