ალექს პერეირამ ნახევრადმძიმე წონაში დაბრუნება დაადასტურა
ალექს პერეირა კატეგორიულად არ ეთანხმება პაულო კოსტას ბოლოდროინდელ განცხადებას UFC-ის ქვემძიმე დივიზიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
კერძოდ, ბოლო ინტერვიუში „ბორაჩინიამ“ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ „პოატანი“ მძიმე წონაში გადასვლის შემდეგაც რჩება დივიზიონის რეიტინგში. ასევე აღნიშნა, რომ ტოპ-ხუთეულიდან მხოლოდ მან მოიპოვა გამარჯვება ბოლო ორთაბრძოლაში და, შესაბამისად, დროებითი ტიტულის მთავარი პრეტენდენტია.
„მგონია, რომ შენი ინფორმაცია მოძველებულია. და მესმის კიდეც რატომ - შენი კონტრაქტი დიდი ხნის წინ გააფორმე, მას შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა. თუ ისევ მომინდება ქვემძიმე წონის ქამრისთვის ბრძოლა, ამის გაკეთება შემიძლია! ბევრი მებრძოლი წლები ელოდება ან შრომობს ასეთი შანსისთვის, მე კი უბრალოდ გამოვიყენე შესაძლებლობა, რადგან მეტი მინდოდა - მესამე ქამრის მოპოვება.
ამისთვის რისკზე წასვლაა საჭირო. მთელი კარიერის განმავლობაში რისკზე რომ არ წავსულიყავი, ვერასდროს მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე“,
- დაწერა პერეირამ თანამემამულის მისამართით.
მანამდე UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა დაუშვა, რომ სანამ მოქმედი ჩემპიონი, კარლოს ულბერგი მუხლის ტრავმას იშუშებს, ქვემძიმე დივიზიონმა შესაძლოა დროებითი ჩემპიონი მიიღოს.
ალექს პერეირამ ქვემძიმე წონის ტიტული მძიმე წონაში სატიტულო შანსის სანაცვლოდ დათმო, სადაც დროებითი ქამრის მოპოვება ვერ შეძლო. მეორე რაუნდში სირილ განთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.