„მცირე ხნით დაკარგა გონება“ - დანიის ნაკრების ექიმი ერიქსენზე
დანიის ნაკრების ექიმმა, მორტენ ბოესენმა კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, უკრაინისა და დანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩის დროს გულის შეტევა ჰქონდა.
ბოესენი ამბობს, რომ 34 წლის ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და თავს კარგად გრძნობს.
მორტენ ბოესენი:
„კრისტიანი კარგად არის და მოედანი დამოუკიდებლად დატოვა. როგორც ვხედავ, კარდიოსტიმულატორმა ისე იმუშავა, როგორც საჭირო იყო.
მან მცირე ხნით დაკარგა გონება, თუმცა ძალიან მალე მოვიდა გონს და მასთან კონტაქტის დამყარება სწრაფად შევძელით.
ახლა ის საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს, რათა დადგინდეს, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ მასთან და საავადმყოფოს ექიმებთან.
თუმცა, კრისტიანი თავს კარგად გრძნობს. მან მთხოვა ყველა ფეხბურთელისთვის მომეკითხა და გადამეცა, რომ კარგად არის“.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფეხბურთელს მსგავსი შემთხვევა 2021 წელს, ევროპის ჩემპიონატზე ფინეთის წინააღმდეგ გამართულ სადებიუტო მატჩშიც შეემთხვა, როცა მას გულის გაჩერება დაუფიქსირდა. მოგვიანებით ერიქსენს სპეციალური იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუნერგეს. ცნობისთვის, „ვოლფსბურგის“ ნახევარმცველმა ამ კვირის დასაწყისში დანიის ეროვნული ნაკრების მაისურით საიუბილეო, 150-ე შეხვედრა ჩაატარა.