„ბერიაშვილი ძალიან კარგი არჩევანია“ - ცხადაძე ნაკრების დაცვაზე
საქართველოს ნაკრებიდან კაპიტნისა და დაცვის ბურჯის გურამ კაშიას წასვლის შემდეგ, ბევრი თვლის, რომ ვილი სანიოლს უკანა ხაზის დაკომპლექტების დროს ბევრი პრობლემა შეექმნება. კაშია ჩვიდმეტი წლის განმავლობაში იცავდა „ჯვაროსნების“ ღირსებას და სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობით გამოირჩეოდა. ვინ უნდა იყოს მისი შემცვლელი და როგორი შთაბეჭდილება დატოვეს დაცვის ახალმა სახეებმა ახლახანს გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში, ამის თაობაზე ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ისაუბრა.
რას ამბობს ცხადაძე
საქართველოს ნაკრების დაცვის ასპარეზობა რუმინეთთან მატჩში მე პირადად ძალიან მომეწონა. კი, ის ერთი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ასეთები ხდება ხოლმე. საერთო ჯამში თავს კომპაქტურად ვიცავდით და მოწინააღმდეგეს შეტევაში არაფრის გაკეთების საშუალებას არ ვაძლევდით.
მე პირადად ბაჰრეინთან და მანამდეც ძალიან მომეწონა ილია ბერიაშვილი. სისწრაფე, მეორე სართულზე კარგი თამაში - მას არსენალში აქვს ყველაფერი საიმისოდ, რომ ამ ნაკრებში კარგად ჩაეწეროს. ერთადერთი რაც აკლია, მსგავსი დონის თამაშებში ასპარეზობის გამოცდილებაა და ამ ყველაფერს მყარი ფსიქოლოგიის ხარჯზე უნდა გაუკეთოს კომპენსირება. ილიას გამოძახება ვილი სანიოლისთვის ძალიან კარგი და სწორი არჩევანია.
ცნობისათვის, ამჟამად კახა ცხადაძე „გაბალას“ მთავარ მწვრთნელად მუშაობს და მისმა მომზადებულმა გუნდმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ადგილი გადათამაშებაში „მინგეჩაურის“ დამარცხებით შეინარჩუნა.