ალექს პერეირა
Aa Aa

დღეში 1 ლიტრ ალკოჰოლს სვამდა, შემდეგ კი UFC-ს ჩემპიონი გახდა - ალექს პერეირას გზა

შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ძალიან განსხვავებული სპორტსმენები ხვდებიან. ბევრისთვის სწორედ MMA-ს კარიერა წარმოადგენს სპორტული ისტორიის გვირგვინს.

თუმცა, ალექს პერეირამ სახელი ჯერ კიდევ კიკბოქსინგში გაითქვა, ხოლო „წესების გარეშე ბრძოლებში“ გადასვლამ მისი, როგორც ტოპ-მებრძოლის სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა. ბრაზილიელი სპორტსმენის ბიოგრაფია სიღარიბეს, ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საბოლოო, ტოტალურ წარმატებას აერთიანებს.

ალექს პერეირა

ბავშვობა

ალექს პერეირა 1987 წლის 7 ივლისს, ბრაზილიის ქალაქ სან-ბერნარდუ-დუ-კამპუს ფაველების მკაცრ რეალობაში დაიბადა. სიღარიბითა და უპერსპექტივობით სავსე ბავშვობა მისი სულისა და სხეულის შემდგომი განვითარებისთვის მძლავრი ბიძგი აღმოჩნდა.

UFC-ს მომავალი ჩემპიონი გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდა, სადაც უიმედობის ატმოსფერო სუფევდა. ალექსის მამას, რომელიც ინდიელთა ტომის, პატაქსოს წარმომადგენელი იყო, სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ოჯახის რჩენა არ შეეძლო, დედა კი, ბავშვების გამოსაკვებად, ნებისმიერ სამუშაოს თანხმდებოდა. ალექსმა პატარაობიდანვე შეიგრძნო ფაველებში ცხოვრების მთელი სიმძიმე, სადაც კრიმინალი, ნარკოტიკები და სასოწარკვეთა მძვინვარებდა.

ალექს პერეირა

12 წლის ასაკში, ალექსმა სწავლისა და სიღატაკის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, სკოლა მიატოვა და სამუშაოდ საბურავების მაღაზიაში მოეწყო. ზრდასრულ მამაკაცებთან მუშაობამ და იქ გამეფებულმა დაუსჯელობისა და განუკითხაობის ატმოსფერომ, მოზარდზე უარყოფითად იმოქმედა. მან სასმელის მიღება დაიწყო, რამაც 16 წლის ასაკში ალკოჰოლიზმამდე მიიყვანა.

16 წლის ასაკისთვის დღეში ერთ ლიტრ ალკოჰოლს ვსვამდი, ყოველ დღე. გამოუსწორებელ ლოთად ვიქეცი. ეს უბრალოდ იმ საბურავების მაღაზიაში მომუშავე ყველა ადამიანის ცხოვრების ჩვეულებრივი წესი იყო. სამსახურის მერეც ვსვადით“, - იხსენებდა მოგვიანებით ალექსი.

კარიერა

როდესაც გააცნობიერა, რომ მისი ცხოვრება უფსკრულისკენ მიექანებოდა, ალექსმა 2009 წელს საკუთარი ბედის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა. ის კიკბოქსინგის სექციაში ჩაეწერა, სადაც მისმა ბუნებრივმა ძალამ, გამძლეობამ და მებრძოლის ინსტინქტებმა სწრაფად იპოვა გზა.

კიკბოქსინგი ალექსისთვის არა უბრალოდ გატაცება, არამედ გადამრჩენელი ნავსაყუდელი გახდა, სადაც დაგროვილი აგრესიისგან დაცლა, დისციპლინისა და თავდაჯერებულობის მოპოვება შეეძლო.

გამოცდილი მწვრთნელის, ივან სარატეს ხელმძღვანელობით, ვარჯიში ალექსს არა მხოლოდ დარტყმის ტექნიკის ათვისებაში დაეხმარა, არამედ მასში მებრძოლი სული, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობაც ჩამოაყალიბა.

უკვე სადებიუტო ბრძოლაში, ალექსმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მალე კი თავისი რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი გახდა.

მიუხედავად ნიჭისა და მიზანდასახულობისა, მწვერვალისკენ მიმავალი გზა ეკლიანი აღმოჩნდა. პერეირას დამქანცველი ვარჯიშების მუშაობასთან შეთავსება უწევდა, რათა საკუთარი თავი და ოჯახი გამოეკვება.

ალექსი არაერთხელ ყოფილა სპორტის მიტოვების ზღვარზე, მაგრამ გამარჯვების ნებისყოფა და ახლობლების მხარდაჭერა წინსვლაში ეხმარებოდა. ის დაუღალავად ვარჯიშობდა, საკუთარ ოსტატობას ხვეწდა და ეტაპობრივად მისმა ნიჭმა აღიარება მოიპოვა.

ალექს პერეირამ კიკბოქსინგში გზა 2012 წელს დაიწყო და მალევე გამოავლინა უჩვეულო ძალა, ტექნიკა და ტაქტიკური აზროვნება. სამწლიანი დაუღალავი ვარჯიშისა და ბრძოლების შემდეგ, ის კიკბოქსერების ელიტაში შეიჭრა და მოიპოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება, რამაც მსოფლიო აღიარება და პატივისცემა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ კიკბოქსინგში ალექსი ორჯერ შეხვდა ისრაელ ადესანიას, UFC-ის მომავალ ჩემპიონს. 2016 წელს პერეირამ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, 2018 წელს კი ადესანია დაანოკაუტა და გახდა ერთ-ერთი მცირერიცხოვან მებრძოლთაგანი, ვინც ეს შეძლო.

პერეირა ცნობილია თავისი გამანადგურებელი დარტყმებით: კიკბოქსინგში მოპოვებული 33 გამარჯვებიდან, 21 ნოკაუტით დაასრულა.

ალექს პერეირა

ალექსის ვნება სპორტისადმი, მისი თავდადება და ოსტატობა წლების განმავლობაში შთააგონებს არა მხოლოდ ფანებს, არამედ მებრძოლთა ახალ თაობასაც. შეუპოვრობამ და ბრძოლის უნივერსალურმა სტილმა, ის საბოლოოდ MMA-მდე მიიყვანა.

კიკბოქსინგში ბრწყინვალე კარიერის შექმნის შემდეგ, სადაც ორჯერ გახდა Glory-ს ჩემპიონი საშუალო და ქვემძიმე წონაში, ალექს პერეირამ 2015 წელს, საკუთარი ძალების მოსინჯვა MMA-ში გადაწყვიტა, თუმცა დამარცხა.

წარუმატებელი დასაწყისის მიუხედავად, პერეირა დანებებას არ აპირებდა. ის სწრაფად ადაპტირდა ახალ წესებთან და უკვე მომდევნო ბრძოლაში ტექნიკური ნოკაუტით ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა. ამ მომენტიდან დაიწყო მისი ტრიუმფალური სვლა MMA-ში.

ალექსის ტექნიკური მომზადება, რომელიც კიკბოქსინგში დაიხვეწა, ჭიდაობისა და პარტერის უნარებით შეივსო, რამაც ის მეტოქეებისთვის ფაქტობრივად დაუმარცხებელი გახადა.

UFC

UFC-ში პერეირას დებიუტი 2018 წელს შედგა, სადაც ის მაშინვე საშუალო წონაში ტიტულის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდა.

2022 წელს, მან ტიტული მოიპოვა საჩემპიონო ბრძოლაში თავად ისრაელ ადესანიას დანოკაუტებით, რომელიც მანამდე დაუმარცხებლად ითვლებოდა.

ალექს პერეირა

2023 წელს მათი შეხვედრა განმეორდა და პერეირამ კვლავ ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა, რითაც საშუალო წონაში თავისი დომინირება დაადასტურა.

ალექსი მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებდა და ქვემძიმე წონაში გადავიდა, სადაც 2023 წლის ნოემბერში, მეორე რაუნდში სენსაციურად დაანოკაუტა მოქმედი ჩემპიონი ირჟი პროხაზკა.

ბრძოლებში ის ცნობილია მეტსახელით „პოატანი“, რაც პორტუგალიურიდან თარგმანში „მუშტს“ ნიშნავს.

პირადი ცხოვრება

ამჟამად ალექს პერეირა მარტოხელაა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს. ლოჰანი და ალესანდრო, რომლებიც პირველი ცოლისგან ჰყავს, დედასთან ცხოვრობენ.

ალექს პერეირა

მოგვიანებით ბრაზილიელი მებრძოლი მოდელ მერლ კრისტინს ხვდებოდა. დაშორება მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც პერეირასთვის, ისე საზოგადოებისთვის.

პერეირას განცხადებით, მათი ურთიერთობის პერიოდში გოგონა გათხოვილი იყო, რის შესახებაც მან არაფერი იცოდა და სწორედ ამიტომ გახდა დაშორების ინიციატორი. თავად მოდელი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ სპორტსმენი თავად მიატოვა.

კიდევ უფრო სკანდალური აღმოჩნდა მისი ბოლო რომანი ტრეისი კორტესთან, რომელიც ასევე UFC-ს მებრძოლია. ისინი ერთმანეთს ურთიერთობის გაოფიციალურებიდან, ზუსტად ერთ კვირაში დაშორდნენ.

ალექს პერეირა ოქტაგონს მიღმა

თავისუფალ დროს, ალექსს უყვარს ფილმების ყურება და მუსიკის მოსმენა.

ის აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო პროექტებში, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარებისკენაა მიმართული.

ალექსი აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, სადაც თავისი ცხოვრებისა და კარიერის სიახლეებს გამომწერებს უზიარებს.

„პოატანის“ გარდა, ალექსს ასევე უწოდებენ „Cold Blood“-ს (ცივსისხლიანს).

მისი საყვარელი საჭმელი სუშია, საყვარელი ფილმი კი — „ნათლია“. MMA-ს გარდა, ალექსი ფეხბურთითა და კალათბურთითაა გატაცებული.

ალექსს უყვარს ჰიპ-ჰოპისა და რეგეტონის მოსმენა. ის თავისუფლად საუბრობს პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე.

 ალექს პერეირა

გაზიარება: