რაპიდთან ვერ ითამაშებს | კიტეიშვილი შტურმში 49-ე მატჩს ტოვებს
ავსტრიულ პრესაში ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. სანაკრებო ფანჯრის დროს ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მიუნხენში გაემგზავრა, სადაც შემოწმებები ჩაიტარა.
Kronen Zeitung-ის ცნობით, „კიტე“ ავსტრიაში დაბრუნდა, მაგრამ უცნობია, რამდენ ხანს გამოტოვებს. ავსტრიული გამოცემის მიხედვით, გადაწყვეტილია, რომ ოთარი „შტურმის“ მომდევნო შეხვედრაში, რომელსაც გრაცელები „რაპიდთან“ გამართავენ, მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ინგოლიჩმა, იცის, რომ ოთარ კიტეიშვილი შეუცვლელია. ავსტრიის ჩემპიონს „რაპიდთან“ ქართველი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს თამაში“, — წერს Kronen Zeitung.
კიტეიშვილი „შტურმში“ გადასვლის შემდეგ ავსტრიის ჩემპიონატის ეგიდით 49-ე თამაშს გამოტოვებს. მისი გუნდისა და „რაპიდის“ დაპირისპირება 5 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის ლიდერია და 23 ქულა აქვს, „რაპიდი“ კი 22 ქულით მეორე ადგილზეა.