ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ისლამთან რომც წააგოს, იტყვიან, რომ შანსი გამოიყენა“ | ცარუკიანმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. ინტერვიუს ილია თოფურიაზე დასმული შეკითხვის გარეშე არ ჩაუვლია და ცარუკიანმა ივნისში გასამართ „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, მე და ილია „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე რომ ვჩხუბობდეთ? ყველა ამ ორთაბრძოლაზე ილაპარაკებდა. ორივე ახალგაზრდა ვართ და კარიერის პიკში ვიმყოფებით. ხალხის ნახევარი იტყვის, რომ მე გავიმარჯვებ, მეორე ნახევარი კი ილიას მოგებას ივარაუდებს. მასშტაბური ჩხუბია.

თოფურიას მხრიდან ქვესაშუალო წონით დივიზიონში ასვლა და დიდი ფულის გაკეთება ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება. ისლამ მახაჩევთან რომც წააგოს, ხალხი იტყვის, რომ შანსი გამოიყენა და მესამე ტიტულისთვის იჩხუბა. მახაჩევი რომ დაამარცხოს, ლეგენდა გახდება და სამ ქამარს დაეუფლება, რაც არავის გაუკეთებია. ეს თუ მოხდება, მასთან ვეღარ ვიჩხუბებ? რა აზრის ხართ იმაზე, რომ წააგოს, შემდეგ მსუბუქში ჩამოვიდეს, მეც დავამარცხო და ორგანიზაციიდან გაუშვან?!

რაც შეეხება „თეთრი სახლის“ ღონისძიებას, არ მინდა, წონა დავიკლო. დაბალ წონას შევინარჩუნებ და თუ 4-5 დღით ადრე დამირეკავენ, მზად ვიქნები. თუ ასე არ მოხდა, ალბათ, გეიჯისა და თოფურიას გამარჯვებულს შევხვდები. არ ვაპირებ, წონა დავიკლო, აწონვების ცერემონიაზე გავიდე და დამზღვევი მებრძოლის სტატუსით წონა ჩავაბარო.“

შეგახსენებთ, რომ გეიჯისა და თოფურიას ორთაბრძოლა თბილისის დროით, 15 ივნისს გაიმართება. მათი ჩხუბი „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბრაზილიას ნიჭი და ძლიერი დაცვა სჭირდება
ანჩელოტი: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბრაზილიას ნიჭი და ძლიერი დაცვა სჭირდება