ტოპ 100 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი | რომელზეა კვარა Transfermarkt-ის რეიტინგში
Transfermarkt-მა მსოფლიოს ის 100 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა საბაზრო ღირებულებაც ყველაზე მაღალია. ტოპ 100-ში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა და „კვარა“ 25-ე პოზიციას იკავებს.
კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 15 დეკემბრის შემდეგ არ შეცვლილა და 90 მილიონ ევროს შეადგენს. ის საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია და Transfermarkt-ის მიხედვით, მასზე მაღალი ფასი მხოლოდ ერთ მარცხენა გარემარბს, ვინისიუს ჟუნიორს აქვს.
კვარაცხელიას მსგავსად, 90 მილიონ ევროდ არიან შეფასებული ჰუგო ეკიტიკე, რაიან გრავენბერხი, არდა გიულერი და დეზირე დუე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ასაკით „კვარაზე“ პატარები არიან, უფრო მაღალ ადგილებს იკავებენ. ეკიტიკე 24-ე პოზიციაზეა, გრავენბერხი — 23-ზე, არდა — 22-ზე, დუე — 21-ზე.
Transfermarkt-ის რეიტინგის სათავეში ლამინ იამალი მოხვდა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 200 მილიონი ევროა. იმავე თანხად არიან შეფასებული ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, ნორვეგიელი მეორეზეა, ფრანგი — მესამეზე. მათ შემდეგ პედრი მოდის (150 მილიონი), ხოლო ვინისიუს ჟუნიორი მეხუთე გახლავთ.
ჯუდ ბელინგემი მეექვსე ადგილზე იმყოფება და მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა. იგივე ფასი აქვს მაიკლ ოლისეს, ხოლო ჯამალ მუსიალა 120 მილიონი ევრო ღირს. ათეულს ბუკაიო საკა (120 მილიონი) და დეკლან რაისი (120 მილიონი) ასრულებენ.