„სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ“ - ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე ტულუზას დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ლუის ენრიკე:
„ძალიან პოზიტიური ამბები გვაქვს, რადგან სანაკრებო პაუზის შემდეგ, ტრავმები არ გვაწუხებს. თუმცა, ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებს დღევანდელ ვარჯიშზე ვნახავთ. სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების პროცესი სწორად უნდა ვმართოთ. ვიცით, რა სირთულეებთანაა ეს დაკავშირებული. წინასწარ მთელი თვე უნდა დავგეგმოთ.
ფაბიან რუისის დაბრუნება? დღევანდელ ვარჯიშზე თავად ნახავთ, რომელი მოთამაშეები არიან ხვალინდელი დღისთვის მზად. მისი მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ კიდევ სჭირდება ცოტა დრო. ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, რთულია სათამაშო წუთებისა და მგზავრობების დატვირთვის მართვა. მისი დაბრუნება კარგი სიახლე იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა დავიცადოთ.
VAR-თან მსაჯის საუბრის გახმოვანება? ყოველთვის მივესალმები ისეთ სიახლეებს, რასაც ფეხბურთის გაუმჯობესება შეუძლია. თუ მსაჯს შეეძლება, თავისი გადაწყვეტილება ყველას აუხსნას, ვფიქრობ, ეს პოზიტიურია. მაგრამ უნდა ვნახოთ, რა ფორმით განხორციელდება ეს. მე ღია ვარ სიახლეებისა და ტესტირებისთვის, რათა უკეთესი ფეხბურთი მივიღოთ.
რატომ გადაიდო „ლანსის“ წინააღმდეგ მატჩი? ჩვენი პოზიცია და ის, რასაც ვიცავთ, ნათელია. მესმის, რომ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მესმის „ლანსისაც“, მაგრამ გადაწყვეტილებას უნდა შევეგუოთ. ეს ნორმალურია, ასეთია ცხოვრება. მესმის, რომ ყველა საკუთარ ინტერესებს იცავს.
მაღიზიანებს თუ არა ხელფასების პრესაში გამოქვეყნება და განიხილავენ ამას გასახდელში? გგონიათ, გასახდელში ჩემი ხელფასით ინტერესდებიან? ვფიქრობ, ეს თემა კონტექსტიდან ამოვარდნილია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ვარ და ეს ჩემთვის მშვენიერია!
შეძლებს თუ არა ბარკოლა „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაშს? არ ვიცი, ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. როცა მას ვესაუბრები, მის აზრს და თვითშეგრძნებას ვიგებ, განსაკუთრებული არაფერია. არ უნდა ვიჩქაროთ. მთავარია, ძალები კარგად აღიდგინოს. უნდა დაველოდოთ იმ დღეს, როცა მზად იქნება.
მნიშვნელოვანია ფეხბურთელებთან საუბარი? ვფიქრობ, ისინი საკმაოდ ჭკვიანები არიან და იციან, სეზონის რა ეტაპზე ვართ. ხვალინდელი მატჩი „ტულუზასთან“ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ქულები გვჭირდება. „ლანსი“ კი „ლილს“ დაუპირისპირდება დერბიში, რაც მათთვის რთული შეხვედრაა. ჩვენთვის მოგება აუცილებელია, თუმცა „ტულუზას“ დონიდან გამომდინარე, ადვილი არ იქნება. ვიცი, რომ ჩემი ფეხბურთელები გონიერები არიან და სირთულეებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ხვალ მხოლოდ მოსაგებად გავალთ.
რამდენად შეიცვლება შემადგენლობა და როგორ აპირებთ „ლივერპულს“ ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეთ?
მგზავრობით გადაღლის, ნათამაშები წუთებისა და ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი ცოტათი ტეტრისს ჰგავს. როდესაც სრული ინფორმაცია გვექნება, მხოლოდ მერე შევძლებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორ მოვუგოთ „ტულუზას“ და როგორ მოვემზადოთ „ლივერპულისთვის“.
რას ვიტყვი ლუკას ერნანდესზე? ტიტულების მოსაგებად, როგორც ეს შარშან გავაკეთეთ და ახლაც იგივე გვსურს, ყველა ფეხბურთელია საჭირო. ხვალ თავად დარწმუნდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მზადმყოფი მოთამაშეების ყოლა, მიუხედავად იმისა, თუ რა მატჩი ან რა მომენტია. ლუკას ერნანდესს როცა თამაშის შანსი ეძლევა, ამას უმაღლეს დონეზე აკეთებს. მას დიდი გამოცდილება აქვს და ტოპ კლასის ფეხბურთელია. ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა ეროვნულ ნაკრებში და ვუსურვებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს.
ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. გუნდში უნდა გყავდეს ფეხბურთელები, რომლებიც მცირე სათამაშო დროის მიუხედავადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რაც არც ისე მარტივია. ჩვენ ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მბაიე ნაკრებში თითქოს სულ სხვა ფეხბურთელია. იქ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს?
არ ვიცი, ეგ კითხვა თავად მას უნდა დაუსვათ. ჩვენ მას დიდი ნდობა გამოვუცხადეთ და ამას ვაგრძელებთ. არის მომენტები, როცა შენს გუნდში თავს უფრო კომფორტულად გრძნობ, მაგრამ ეს მასზე ჩვენს აზრს არ ცვლის. ვიმედოვნებ, რომ ის თავისი კლასის ჩვენებას პარიზშიც შეძლებს.
გასულ მატჩში მენდეშისა და ბერალდოს განსხვავებული ამპლუები ჰქონდათ. შესაძლოა, ეს ხვალ ან სხვა მატჩებშიც განმეორდეს?
რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეგ ჩემი ოცნებაა — მყავდეს 20 ფეხბურთელი, რომლებსაც ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლებათ თამაში. ამისათვის მოთამაშეების მხრიდან უნივერსალურობა და გუნდისთვის თავდადებაა საჭირო. ხშირად ფეხბურთელს ერთი კონკრეტული პოზიცია ურჩევნია, მაგრამ მე ვისურვებდი 20 ფეხბურთელს, რომლებიც ყველგან ითამაშებენ. ნუნუ მენდეში — ფლანგის მცველად, ვინგერად, ცენტრალურ თავდამსხმელად... ყველგან. მეკარის გარდა, რა თქმა უნდა. ვისურვებდი, რომ მეტოქე ჩვენს შემადგენლობას უყურებდეს და ვერ ხვდებოდეს, ვინ რა პოზიციაზე ითამაშებს. ეს ჩემი ოცნებაა და მისი მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ ამისთვის ვმუშაობ.
რას ვიტყვი „ტულუზაზე“? რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს მატჩი განსაკუთრებული იყო ჟოაო ნევეშისთვის, რომელმაც უმაღლესი დონის ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ტულუზა“ ძალიან კარგ სეზონს ატარებს. როცა გასვლაზე აგებენ, მატჩი ყოველთვის დაძაბულია და ანგარიშში სხვაობა მცირეა. ეს მათ სიძლიერეზე მეტყველებს. ვიცით მათი თამაშისა და დაცვის სტილი.
ადვილი მატჩი ნამდვილად არ იქნება, მით უმეტეს სანაკრებო პაუზის შემდეგ. ასეთი თამაშები ყოველთვის შეიცავს საფრთხეს. ვეცდებით, თამაში გავაკონტროლოთ და მოვიგოთ. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და ახლა 3 ქულა ჰაერივით გვჭირდება.
შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენისა და ტულუზას დაპირისპირება 3 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.