მაკგრეგორი: თეთრ სახლში ჩხუბისთვის მოსამზადებლად 6 თვე მჭირდება
MMA-ს ცნობილმა ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა თქვა, რამდენი ხანი დასჭირდება, რათა თეთრ სახლში დაგეგმილი ბრძოლისთვის მოემზადოს.
„ექვსი თვეა საჭირო. ზუსტად ამდენი მჭირდება და ახლა ამაზე ვარ კონცენტრირებული. ტელეფონი გამორთული იქნება და მუშაობა გაგრძელდება,“ – განაცხადა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა.
მანამდე კონორმა თქვა, რომ UFC-ის ტურნირზე თეთრ სახლში, მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორის ბოლო ჩხუბი ოქტაგონში 2021 წლის ივლისით თარიღდება, როდესაც ირლანდიელი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასტინ პორიესთან დამარცხდა.
რაც შეეხება ჩენდლერს, მას ზედიზედ 3 წაგება აქვს (პორიე, ოლივეირა, პიმბლეტი) - პედიმ ის ტექნიკური ნოკაუტით მიმდინარე წლის აპრილში დაამარცხა.
ცნობისთვის, თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება 2026 წლის ივნისში გაიმართება, აწონვების ცერემონია კი აბრაამ ლინკოლნის მემორიალის ფონზე გაიმართება.