კუნთის ტრავმა | ქვილითაია გუნდურ ვარჯიშს ერთ კვირაში დაუბრუნდება
„ჰოლშტაინ კილის“ რიგებში გიორგი ქვილითაიას ოფიციალური დებიუტი ჯერ არ შედგა. ფეხბურთელმა კუნთის ტრავმის გამო ბუნდესლიგა 2-ის 2 მატჩი უკვე გამოტოვა. კრისტალსპორტის ინფორმაციით, გუნდთან ერთად ვარჯიშს ერთ კვირაში განაახლებს.
ბუნდესლიგა 2-ის საწყის ორ ტურში „ჰოლშტაინ კილმა“ სტუმრად „დარმშტადტთან“ და შინ „ზანქტ. პაულისთან“ იდენტური ანგარიში 2:2 ითამაშა. ასევე, გუშინ გერმანიის თასის პირველ რაუნდში ქვილითაიას გუნდმა „მიუნხენ 1860“-ს სტუმრად მოუგო (0:2) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ცნობისთვის, ქვილითაია გასულ ზამთარში „მეცში“ გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს მისი გაგრძელების უფლება ჰქონდათ თუ „მეცი“ უმაღლეს ლიგაში დარჩებოდა, მაგრამ გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითდა და 32 წლის თავდამსხმელი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ჰოლშტაინ კილს“ შეუერთდა.
გასულ სეზონში „ჰოლშტაინ კილი“ ბუნდესლიგა 2-ში დასარჩენად იბრძოდა, 34 ტურში 41 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით გაუსწრო.