„მამარდაშვილს სათამაშო დრო სჭირდება“ - ლივერპულის ექსფეხბურთელი
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სტენ კოლიმორმა „წითლების“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და მას იჯარით სხვა გუნდში გადასვლა ურჩია.
„მეკარეებსა და ფორვარდებს განვითარებისთვის რეგულარული სათამაშო დრო სჭირდებათ. თუ მამარდაშვილს უთხრეს, რომ პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან მატჩებში არ ითამაშებს, მისი კარიერისთვის სწორი გადაწყვეტილება იჯარით სხვა გუნდში გადასვლა იქნებოდა.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სათადარიგო მეკარის როლში ყოფნა ზრდის იმის რისკს, რომ სხვა წამყვანი ევროპული კლუბებიც მას მხოლოდ მეორე მეკარედ განიხილავენ.
მამარდაშვილს რეგულარული სათამაშო დრო სჭირდება, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ალისონის შემცვლელის როლით ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი მეკარის როლს მას არც სხვა კლუბებში ანდობენ.
ასეთ მდგომარეობაში მყოფმა მეკარემ პირდაპირ უნდა ჰკითხოს მწვრთნელს, მოუწევს თუ არა თამაში ნამდვილად მნიშვნელოვან მატჩებში. თუ მწვრთნელი ამის გარანტიებს ვერ მისცემს, მამარდაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს იჯარით სხვა გუნდში გადასვლა“.
ცნობისთვის, სტენ კოლიმორი „ლივერპულის“ ღირსებას 1995-1997 წლებში იცავდა, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი Talksport-ისა და BT Sport-ის კომენტატორად უმუშავია.