ხულიან ალვარესი
Aa
Aa

„არასოდეს ჰკითხოთ მატყუარას, თუ რატომ იცრუა“ - ალვარესის აგენტის პასუხი ატლეტიკოს

თითქოს ხულიან ალვარესის სიტუაციის გარშემო ცეცხლზე ნავთის დასხმა არ იყო საკმარისი იმ ბანერების შემდეგ, რომლებიც ამ პარასკევს დილით მადრიდის „ატლეტიკოს“ საწვრთნელ ბაზაზე, მახადაონდაში გამოჩნდა და კლუბიდან მის წასვლას მოითხოვდა, თავდამსხმელის აგენტი, ფერნანდო იდალგო კლუბის გენერალური დირექტორის, მიგელ ანხელ ხილ მარინის განცხადებების შემდეგ Instagram-ის პირად გვერდზე ასეთ რამეს წერს:

„არასოდეს ჰკითხოთ მატყუარას, თუ რატომ იცრუა. ამის ასახსნელად მას ისევ ტყუილის თქმა მოუწევს“,

- დაწერა იდალგომ.

ხულიან ალვარესის აგენტის ეს გზავნილი გავრცელდა სამი საათის შემდეგ მას მერე, რაც ხილ მარინმა საინფორმაციო სააგენტო Efe-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც იდალგო გააკრიტიკა, თუმცა მისი სახელი პირდაპირ არ უხსენებია:

„უნდა გვესმოდეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებით ხულიანს გარშემო საუკეთესო მრჩევლები არ ჰყოლია“.

მანამდე მან არგენტინელ ფეხბურთელს შერიგების ნიშნად ნაბიჯი გადაუდგა, რათა მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშის ენთუზიაზმის დაბრუნებაში დახმარებოდა:

„ჩვენ დავეხმარებით ხულიანს და გავაგრძელებთ მასზე ზრუნვას, რათა მან თავისი სრული პოტენციალი გვაჩვენოს, რადგან ჩვენ ის გვჭირდება, რათა ევროპის გრანდებს შორის კონკურენცია გავაგრძელოთ“.

იდალგოს ეს აფეთქება, რომელიც, სავარაუდოდ, ხილ მარინისკენ იყო მიმართული, დიეგო პაბლო სიმეონეს შაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.

სიტუაცია ასეთია: ალვარესს წასვლა უნდა და ეს საჯაროდაც თქვა. ქომაგებმა უკვე ის შეიძულეს და გუნდში მისი ხილვა აღარ სურთ. თავად „ატლეტიკო“ ამ ყველაფერს სრულ იგნორს უკეთებს და ვითარებას ისე წარმოაჩენს, თითქოს ყველაფერი რიგზეა და ისინი მალე დალაგდებიან, მალე ყველაფერი ძველებურად იქნება. რეალობა კი სულ სხვაა - ხულიანმა ლა ლიგის პირველი ტური გამოტოვა, მიზეზად ფორმაში არყოფნა დაასახელეს. ამჯერად, „როხიბლანკო“ მეორე ტურის შეხვედრას კვირას, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ვილიარეალის“ წინააღმდეგ (19:00) გამართავს.

ითამაშებს, თუ არა ალვარესი ამჯერად? ამ შეხვედრაში ძალიან ბევრი რამ გამოჩნდება და გაირკვევა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები