ახალი ეტაპი კლუბში - იბერია ნერგაძეს ჩააბარეს
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოქმედი ჩემპიონის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. „იბერიას“ გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ პოსტზე „იბერია 2“-დან დაწინაურდა და ამიერიდან ის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა დამრიგებელი იქნება.
თბილისის გუნდი მწვრთნელის გარეშე რამდენიმე კვირის წინ დარჩა, როდესაც კლუბის ხელმძღვანელებმა საკმაოდ მცირეხნიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან გია გეგუჩაძე გაანთავისუფლეს. აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ „იბერიაში“ კიდევ ერთხელ, რიგით მესამედ ლევან კორღალიძე დაბრუნდებოდა, მაგრამ მხარეებმა ბოლო მომენტში შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
26 ტურში დაგროვებული 53 ქულით „იბერია“ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეორე ადგილზეა და ლიდერ გორის „დილას“ 6 ქულით ჩამორჩება. გუგა ნერგაძის დებიუტი ხვალ, „გაგრასთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრაში შედგება.