საგოლე გადაცემა ბრეიდაბლიკთან | გაბრიელ სიგუას კარგი მატჩი კონფერენს ლიგაზე
უეფა-ს კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის პირველ ტურში გაბრიელ სიგუას „ლოზანა“ „ბრეიდაბლიკს“ შეხვდა. შვეიცარულმა კლუბმა საკუთარ კედლებში იასპარეზა და 3:0 იმარჯვა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმაც შეიტანა წვლილი.
სიგუამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 20 წლის ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა მიითვალა. 33-ე წუთზე გაბრიელმა მოედნის ცენტრში შესანიშნავად ითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩა. სიგუას დარტყმა შეეძლო, მაგრამ უკეთეს პოზიციაში მყოფ გაუსუ დიაკიტეს გადააწოდა და მალელმა ანგარიში 3:0 გახადა.
სიგუას მეორე შანსიც ჰქონდა. 67-ე წუთზე შორიდან გაისროლა, მაგრამ მისი დარტყმა „ბრეიდაბლიკის“ მეკარემ მოიგერია. საერთო ჯამში, გაბრიელი ბურთს 57-ჯერ შეეხო, 38-დან 36 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 3 საკვანძო გადაცემა ჰქონდა, 11-დან 5 დრიბლინგი მოიგო და მხოლოდ 6 დაკარგვა ჰქონდა. Sofascore-მა მისი თამაში 7.7 ქულით შეაფასა.
ცნობისთვის, სიგუა „ბაზელის“ საკუთრებაა და „ლოზანაში“ იჯარის წესით თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 8 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა.