ქართველი მებრძოლების 6 მედალი - მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
თბილისში გამართული MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველმა მებრძოლებმა 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ტურნირის უკანასკნელ საშეჯიბრო დღეს ფინალში ჩვენი ქვეყნის სამმა წარმომადგენელმა იჩხუბა და სამწუხაროდ სამივე მათგანი დამარცხდა.
მსაჯების გადაწყვეტილებით მარიამ თოფურიას (79,4 კგ) ინგლისელმა ალანა პრიტჩარდმა, მირზა გაჯიევს (79,4 კგ) ბაჰრეინელმა გიმბატ მაგომედოვმა, ხოლო გიორგი იმერლიშვილს (+97 კგ) უკრაინელმა ოლექსანდრ ხოდაკოვმა აჯობა. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი საქართველოს იუნიორებში ლექსო საბანაძემ (+97 კგ) მოუტანა. ბრინჯაოს მედლებს კი ახალგაზრდებს შორის გია გატიკაშვილი (+97 კგ), ხოლო უფროსებში რომან ჩოჩიშვილი (83,9 კგ) დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის პირველობა „თბილისი არენას“ დარბაზში 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა და უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ ტურნირს 2026 და 2027 წელსაც საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს.