„მისი გაფორმება მნიშვნელოვანი იყო“ | ტორონტოს მწვრთნელმა სანდროზე ისაუბრა
„ტორონტო რეპტორსის“ მთავარმა მწვრთნელმა, დარკო რაიაკოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. სერბმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „მამუს“ გაფორმება მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო და აღნიშნა, რომ ქართველ კალათბურთელს ევრობასკეტზე აკვირდებოდა.
„სანდროს გაფორმება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მასში ვხედავთ ადამიანს, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ღირებულებებს იზიარებს. სანდრო არის კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია, ძალიან მაღალ დონეზე იყოს კონკურენტუნარიანი.
სანდრო აუცილებლად მიიღებს შესაფერის შანსს, რომელიც NBA-ში გატარებულ საწყის წლებში სტაბილურად არ ეძლეოდა. მიმაჩნია, რომ მზად არის, ნახტომი გააკეთოს. ევრობასკეტზე მის თამაშს ვუყურებდი და ვფიქრობ, ძალიან კარგი სამუშაო გასწია. თან, თავის პოზიციაზე არ უთამაშია და მესამე ნომრად იდგა.
მამუკელაშვილი სწორედ ამით გამოირჩევა და შეუძლია, მსუბუქ ფორვარდად, მძიმე ფორვარდად და ცენტრადაც ითამაშოს. შეტევების დაწყების უნარიც აქვს და ვფიქრობ, გუნდისთვის ბევრს გააკეთებს. სანდრო ტორონტოში ყოფნით აღფრთოვანებულია და როდესაც დაელაპარაკებით, ამას თქვენც იგრძნობთ.“
შეგახსენებთ, რომ „რეპტორსმა“ გასული სეზონი 30 მოგებითა და 52 წაგებით დაასრულა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიცია დაიკავა. კანადელები ახალ რეგულარულს „ატლანტა ჰოუქსთან“ თამაშით იწყებენ.