„ევრობასკეტზე თამაშმა ძალიან ბევრი რამ მომცა“ - გოგა ბითაძე
NBA-ის მედიადღის ფარგლებში „ორლანდო მეჯიქის“ კალათბურთელებმა და მათ შორის გოგა ბითაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ქართველმა ცენტრმა ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა.
რა თქვა ბითაძემ:
„ევრობასკეტზე თამაში შესანიშნავი გამოცდილება იყო. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. 35 წლის განმავლობაში პირველად გავედით მეოთხედფინალში. შესაძლოა, ფრანც ვაგნერისა და ტრისტან და სილვას მიღწევებთან შედარებით [ჩემპიონობა გერმანიის ნაკრებთან ერთად] ეს არც ისე მნიშვნელოვნად ჟღერს, თუმცა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ეს დიდი წარმატება იყო.
ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა ამაში ძალიან დიდი შრომა ჩადეს. 3.5-მილიონიანი საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა ესპანეთი, საფრანგეთი - ეს შემთხვევითი წარმატება არ ყოფილა. ჩვენ რთული გზა გავიარეთ. პირადად ჩემთვის ევრობასკეტზე თამაში ასევე მნიშვნელოვანი იყო - როდესაც საუკეთესო მეტოქეების წინააღმდეგ თამაშობ, ეს დამატებითი მოტივაციაა. კარგ ფორმაში ვარ, იმიტომ რომ ბოლოს სულ რაღაც 3 კვირის წინ ვითამაშე. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, ზაფხულში დაისვენოს და ძალები აღიდგინოს, მაგრამ ნაკრებთან გატარებულმა პერიოდმა ბევრი რამ მომცა.
გოგამ ასევე ისაუბრა ევროპაში, კერძოდ, კი ბერლინსა და ლონდონში დაგეგმილ „მეჯიქის“ მატჩებზე:
„ჩემს ქვეყანასთან უფრო ახლოს ვიქნები და გულშემატკივრებს ჩემს თამაშებზე დასწრების უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ. ამ თამაშებზე ჩემი ოჯახის წევრებიც ჩამოვლენ. გერმანიასა და ინგლისში თამაში საინტერესო იქნება, განსაკუთრებით ბერლინში, სადაც ფრანც ვაგნერი, მორიც ვაგნერი და ტრისტან და სილვა გერმანელ გულშემატკივრებს შეხვდებიან“.
სეზონისწინა მომზადების ფარგლებში პირველ მატჩს „მეჯიქი“ 5 ოქტომბერს „მაიამი ჰიტსის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო NBA-ის ახალი სეზონი ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყება.