„სანამ გვიანი არ არის, გუნდს ყველა უნდა დავეხმაროთ“ - ქეცბაიას გუნდის მძიმე მარცხი
კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „ომონიას“ დაუპირისპირდა და მძიმე მარცხი განიცადა.
კრიზისში მყოფმა „ანორთოსისმა“ მეტოქისგან ხუთი უპასუხო ბურთი გაუშვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში გადარჩენისთვის იბრძოლებს და მთავარ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ეცდება.
რას ამბობს ქეცბაია:
„ასეთი მტკივნეული მარცხის შემდეგ საუბარი ყოველთვის რთულია. რასაც ვიტყვი, ის არის, რომ გუნდი გავხდით. პრობლემები ნათელია და ამის შესახებ ყველამ ვიცით. ეს ჩემს მოსვლამდეც ცნობილი იყო და ახალი არაფერი დამხვედრია. მე, როგორც „ანორთოსისის“ გულშემატკივარი და ერთი რიგითი ადამიანი, რომელმაც ამ გუნდთან ერთად ბევრი რამ გამოიარა, აუცილებლად ვიქნები აქ მანამდე, სანამ გუნდს დავჭირდები იმის მისაღწევად, რასაც რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.“
„სამწუხაროდ, ახლა რეალობა ისაა, რომ გუნდი გადარჩენისთვის იბრძოლებს. ჩემპიონატში ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, მიზანი ეს იქნება. არ გვინდა საუბარი იმ შეცდომებზე, რომლებიც წლების განმავლობაში დავუშვით და ამისგან არ ვისწავლეთ... ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციაში დამნაშავე არ არის, ჩვენი გულშემატკივარია. 5:0-ს ვაგებდით და ისინი მაინც გვამხნევებდნენ. მინდა, ფეხბურთელებმა გაიაზრონ, რომ ეს გუნდი არ არის მხოლოდ ფეხბურთი. არავის აქვს უფლება, რომ კლუბი ამ სიტუაციაში მიატოვოს.“
„სანამ დახმარება ჯერ კიდევ შესაძლებელია, უნდა დავეხმაროთ, სხვა შემთხვევაში უკვე შეუძლებელი იქნება. გულშემატკივრების მხარდაჭერით, ჩვენ კვიპროსში კიდევ გავხდებით მთავარი მოქმედი გმირები. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს.“
5 ტურის შემდეგ „ანორთოსისს“ 2 ფრე და 3 მარცხი აქვს და 2 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-13 პოზიციას იკავებს. თემურ ქეცბაია ფამაგუსტური გუნდის მთავარ მწვრთნელად მე-3 ტურიდან დაინიშნა და მის ანგარიშზე 1 ფრე და 2 მარცხია. საერთო ჯამში, 5 შეხვედრაში „ანორთოსისმა“ 10 გოლი გაუშვა და მხოლოდ 2 გაიტანა. მომდევნო ტურში ქეცბაიას გუნდი სტუმრად ლიმასოლის აეკ-ს დაუპირისპირდება.