„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“ - შტურმის მწვრთნელი კიტეიშვილზე
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმს“ ოფიციალურად დაუბრუნდა. 29 წლის ფეხბურთელმა გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, დღეს კი გუნდს შეუერთდება და ევროპა ლიგაზე „რეინჯერსთან“ გასამართი მატჩისთვის სრულფასოვან მომზადებას დაიწყებს.
კიტეიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ ზაუმელმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ნახევარმცველს გუნდში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.
რას ამბობს ზაუმელი კიტეიშვილზე:
„ის ორჯერ დასახელდა ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ. ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და საიდუმლო არ არის, რომ ძალიან გვაკლდა. ის არის მოთამაშე, რომელსაც ჩვენთვის განსხვავების მოტანა შეუძლია. ოთარი სხვა მოთამაშეებისთვის სივრცეებს ქმნის და ერთი პასით მეტოქის დაცვის გარღვევა შეუძლია. გუშინ მისთვის ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა გვქონდა, ახლა კი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და „რეინჯერსთან“ ითამაშებს.“
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი გასულ კვირას გუნდს პირადი მიზეზის გამო დაეთხოვა. სამწუხაროდ, ქართველ ფეხბურთელს მამა გარდაეცვალა, რის გამოც სასწრაფოდ საქართველოში გახდა ჩამოსასვლელი. კიტეიშვილმა „შტურმის“ ორი მატჩი გამოტოვა - სამშაბათს, ევროპა ლიგაზე „მიდტიულანდთან“ და კვირას, ავსტრიის ბუნდესლიგაში „ჰარტბერგის“ წინააღმდეგ.
29 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში გრაცელთა შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მისი გუნდი 8 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა პირველადგილოსან „რაპიდთან“ შედარებით, რომელსაც 17 ქულა აქვს, ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
ცნობისთვის, ევროპა ლიგაზე „შტურმისა“ და „რეინჯერსის“ დაპირისპირება 2 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.