„ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს“ - ბურდულის შეფასება
საქართველოსა და ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებ შორის გამართულ რიგით მეათე შეხვედრაში „ფურია როხამ“ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ, ელჩეში გამართული მატჩის მსგავსად, ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონების კარში გოლის გატანა ამჯერადაც ვერ მოახერხეს, რის გამოც გუნდს კრიტიკოსები კიდევ უფრო მოუმრავლდნენ. გუშინდელი თამაშის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ვეტერანმა ფეხბურთელმა ლადო ბურდულმა და ყურადღება გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაზე გაამახვილა.
ლადო ბურდული
ესპანეთი ამჟამად მსოფლიოს ნომერ პირველი ნაკრებია - ამ გუნდის ფეხბურთელების მიერ გაკეთებული 100 გადაცემიდან 99 ადრესატამდე მიდის. რაც შეგვეხება ჩვენ, მოდით ვაღიაროთ, ყველაზე კარგად კონტრშეტევებზე ვთამაშობთ, ხოლო იერიშებზე გადასვლა, პირველ ნომრად ასპარეზობა და თამაშის გახსნა ლუქსემბურგთან და ფარერებთანაც გვიჭირს.
ძალიან აკლია გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე - ეს ბიჭი იყო ბურთის ცენტრიდან ამომტანი და თამაშის წარმმართველი. შეტევაში რაც არ უნდა ძლიერი მოთამაშეები გვყავდეს, ისინი თუ პასებით არავინ მოამარაგა და კვარას და სხვებს იერიშების დასაწყებად უკან ჩამოსვლა მოუწიათ, ეს მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე იმოქმედებს და ბუნებრივია, მარგი ქმედების კოეფიციენტიც შეუმცირდებათ.
ყველა ამბობს, რომ მთავარმა მწვრთნელმა არასწორი შემადგენლობა შეარჩია, ეს ფეხბურთელი იქ როგორ დააყენა და ასე შემდეგ. ცოტა ხანი ვილი სანიოლი გვერდზე გადავდოთ, არსებულ შემადგენლობას შევხედოთ და ერთ შეკითხვას დავსვამ - რაზე უნდა ვილოცოთ, ჩაკვეტაძე რომ არ დაგვიშავდეს თუ ჩაკვეტაძის შემცვლელი რომ გამოჩნდეს? სანიოლი ნაკრების ფეხბურთელს ვერ ეტყვის, როდის ჩართოს სისწრაფეები, როდის გაიხსნას და როდის ვინ დააზღვიოს.
ცნობისათვის, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები სამშაბათს, 18 ნოემბერს დაასრულებს და სოფიაში „ჯვაროსნების“ მეტოქე ბულგარეთის ეროვნული გუნდი იქნება.