გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, დავით კვირკველია
Aa
Aa

„კაშია ნაკრებისთვის დღემდე დიდი ძალაა“ - კვირკველიას შეფასება

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან კიდევ ერთი მატჩი დათმო და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ყოველგვარი შანსი დაკარგა. ელჩეში გამართული თამაში „ჯვაროსნებმა“ უფრო ნაკლები სხვაობით წააგეს, ვიდრე თბილისში, თუმცა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გუშინდელ შეხვედრაში შეტევაში ვილი სანიოლის მომზადებული გუნდი გაცილებით კარგად გამოიყურებოდა. ამავე აზრზეა ვეტერანი ფეხბურთელი და ეროვნული გუნდის ყოფილი წევრი დავით კვირკველია, რომელმაც Crystalsport-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ასპარეზობა დეტალურად შეაფასა.

დავით კვირკველია

ესპანეთთან არამხოლოდ საქართველოს ნაკრებს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველას უჭირს თამაში. მატჩს თავიდან ბოლომდე ვუყურე და არც ერთ ქართველ ფეხბურთელს წარმატების მისაღწევად არაფერი დაუკლია. უბრალოდ არ არის მარტივი „ფურია როხას“ წინააღმდეგ თამაში, მე პირადად მათთან ორჯერ ვიასპარეზე და მახსოვს, თუ რამდენად ძლიერი მეტოქე იყო.

ჩვენ მუდამ მომთხოვნი და მაქსიმალისტი გულშემატკივარი გვყავს და მას შემდეგ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავედით, ისინი მუდამ შედეგს ითხოვენ, მაგრამ თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება და მთავარი მწვრთნელისთვის ეს ყველაფერი მარტივი არ არის.

ვილი სანიოლის კრიტიკა ჯერ კიდევ იქამდე მიდიოდა, სანამ საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა ამ სირთულეებს გაუძლო და საქმით დაამტკიცა, რისი გაკეთებაც შეუძლია. ახლაც სირთულის წინაშე დგას, რადგან როგორც უკვე გითხარით, თაობათა ცვლა მიდის და გარკვეული დრო სჭირდება.

სახლს სახურავიდან ვერ ააშენებ, აშენებ ფუნდამენტიდან - ჩვენი ნაკრების ფუნდამენტი კი თავისი დამაჯერებელი გამოსვლით არის გიორგი მამარდაშვილი, რომელიც მსოფლიო დონის, ტოპ-კლასის მეკარეა და თითოეულ ეპიზოდში საკუთარი დამაჯერებლობით თანაგუნდელებს დადებით მუხტს აძლევს.

რაც შეეხება გურამ კაშიას, ის დღემდე საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა, იმიტომ, რომ ცენტრალური მცველი და მეკარე ფეხბურთში არის ყველაზე რთული პოზიცია. გურამი თავისი ასაკიდან გამომდინარე, ძირითადში ითამაშებს თუ არა, გუნდში უნდა იყოს, რადგან ამ ახალი თაობის მცველებს, საბა გოგლიჩიძესა და ლუკა ლოჩოშვილს უნდათ დრო და ის ძვირფასი გამოცდილება, რომელსაც მათ კაშია გაუზიარებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს სამშაბათს, 18 ნოემბერს დაასრულებს, როდესაც გასვლაზე ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თითქოს ერთსულოვნება ყველამ დავკარგეთ | კორღალიძე ნაკრების წარუმატებლობაზე
თითქოს ერთსულოვნება ყველამ დავკარგეთ | კორღალიძე ნაკრების წარუმატებლობაზე