„საქართველოსთან მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“ - ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი
18 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელები სოფიაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ბულგარულ მედიასთან მეტოქე გუნდის წევრმა, მარტინ გეორგიევმა ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ნაკრები საქართველოსთან "პრესტიჟის ქულების" აღებას გეგმავს.
რას ამბობს გეორგიევი:
„ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი, ან ნაკლებად მნიშვნელოვანი თამაშები. მოედანზე გავალთ და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს დავამარცხებთ. ვფიქრობ, მეტოქე ძლიერია, მაგრამ თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმს გააკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად. ჩემთვის სასიამოვნოა ასეთ გარემოში თამაში. ასეთ მატჩებში მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ.“
„დიახ, სოციალურ ქსელებში ჩვენს მიმართ ბევრი ნეგატიური კომენტარია, რაც ნორმალურია, რადგან ამ დროისათვის ქულის გარეშე ვართ. სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ და შედეგები გავაუმჯობესოთ, რათა ბულგარული ფეხბურთის ფანებმა გაიხარონ. საქართველოს წინააღმდეგ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ, ისევე როგორც ყველა მატჩში. ჩვენს გუნდში არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოედანზე გადის და გამარჯვების იმედი არ აქვს.“
საქართველოს ნაკრები გუშინ ესპანეთთან „დინამო არენაზე“ 4:0 დამარცხდა, ბულგარელებმა კი პარალელურად მიმდინარე მატჩი თურქეთთან 2:0 დათმეს.
შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ, ბულგარეთის ნაკრებს სატურნირო ცხრილში 0 ქულა აქვს, საქართველოს ნაკრებს კი 3, რომელიც სექტემბერში, თბილისში სწორედ ბულგარეთთან 3:0 გამარჯვებით მოიპოვა. ნაკრებების დაპირისპირება ამჯერად სოფიაში 18 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.