ჯილდოებზე ძვირფასი ქომაგთა სიყვარულია | ენრიკე ოქროს ბურთსა და ოსერთან მატჩზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში პსჟ „ოსერს’’ მიიღებს. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ლუის ენრიკე: „ძალიან განსხვავებული კვირა იყო, თითქმის სრულყოფილი. ბევრი ინდივიდუალური ჯილდო მივიღეთ როგორც უსმანმა, როგორც კლუბმა და მე. დიდებულია, მაგრამ კიდევ უფრო ძვირფასი ის სიყვარული იყო, რაც ქომაგებისგან ვიგრძენით. საოცარია ზეიმი იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც გასულ წელს მივაღწიეთ. სწორ გზაზე ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ.
ოქროს ბურთის 30 ნომინანტიდან 9 პსჟ-ს ფეხბურთელი იყო, ეს საოცარია’’.
ერთ-ერთი კითხვა პსჟ-ს ფეხბურთელების ტრავმებს ეხებოდა, თუ რატომ არ დაიმატა პსჟ-მ უფრო მეტი ფეხბურთელი გასულ ზაგხულში, რაზეც ენრიკეს პასუხი ასეთი იყო: „პსჟ-სთვის თამაში ადვილი არაა. ეს არ ჰგავს იმ შემთხვევას, როცა შეგიძლია წახვიდე და ძაღლი იყიდო. როცა პსჟ-ს ფეხბურთელი ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო''.
პსჟ-ს მარკინიოსი ვერ დაეხმარება. მასთან დაკავშირებით ენრიკემ განაცხადა: „მარსელთან’’ მატჩის შემდეგ მითხრა, რომ ტკივილს გრძნობდა. ახლა ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ უნდა გავრისკოთ’’.
ერთ-ერთი კითხვა „მარსელთან'' თამაშს ეხებოდა, როცა ენრიკეს გუნდი ბურთს ხშირად კარგავდა. ესპანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ გუნდი ამ კომპონენტს გააუმჯობესებს:
„თუ გვსურს უახლოესი ორი თამაში მოვიგოთ, „ოსერთან’’ და ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან’’, შეცდომების დაშვება არ შეიძლება. თუ ასე მარტივად ბურთს ხშირად დავკარგავთ, „ბარსელონასთან’’ ყველაფერი დასრულდება, ძალიან გაგვიჭირდება.
ფეხბურთელები მანქანები არ არიან. როგორც მწვრთნელი, ვცდილობ რომ არ გავბრაზდე, როცა ასეთ მომენტებს ვხედავ, მაგრამ ვფიქრობ ხვალ თამაშს გავაუმჯობესებთ''.
ხუთი ტურის შემდეგ ლიგა 1-ში „მონაკოს’’, პსჟ-ს, „ლიონსა’’ და „სტრასბურგს’’ 12 ქულა აქვთ. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო „მონაკო’’ პირველზეა, პსჟ მეორე ადგილს იკავებს.
პსჟ -„ოსერის’’ მატჩი 27 სექტემბერს, 23 საათსა და 5 წუთზე დაიწყება.
პარიზელთა ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა (1 სასტარტოში), მის აქტივში საგოლე მოქმედება არაა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ითამაშა, „ატალანტასთან’’ ბრწყინვალე გოლი შეაგდო.