„მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა, „ნაპოლიმ“ ცოტა ხნის წინ მეოთხე „სკუდეტოს“ აღსანიშნავად გადაღებული ფილმის, სახელწოდებით AG4IN-ის პრემიერა მოაწყო, რომელიც მთლიანად იტალიის ჩემპიონობისკენ განვლილ გზას ეხება.
ფილმში რეჟისორებმა ხვიჩა კვარაცხელიას დამშვიდობების კადრების შეიყვანეს. კერძოდ, მოცემულია ქართველი ფეხბურთელის სიტყვით მიმართვა, როდესაც ის პსჟ-ში გადასვლამდე აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ემშვიდობებოდა.
როგორც ცნობილი ხდება, ხვიჩა „ნაპოლის“ ფეხბურთელებს „კასტელ ვოლტურნოში“, „ატალანტასთან“ მატჩის წინ დაემშვიდობა. კადრებში ჩანს, რომ ქართველმა შემტევმა სიტყვით გამოსვლის დროს ცრემლებიც ვერ შეიკავა.
რას ამბობს კვარა დამშვიდობებისას:
„ბიჭებო, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, მიყვარხართ. თქვენ ჩემთვის არა მხოლოდ თანაგუნდელები და მეგობრები იყავით, არამედ ჩემი ძმებიც ხართ. ყველანი მიყვარხართ. მადლობა ყველაფრისთვის.“
სოციალურ ქსელში დამშვიდობების მცირე ფრაგმენტიც ვრცელდება, თუმცა კვარას სრული სიტყვა არ არის ნაჩვენები.
ამ სიტყვის შემდეგ ხვიჩას „ნაპოლის“ მწვრთნელი, ანტონიო კონტე გადაეხვია და თანაგუნდელებმა ტაშით გააცილეს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან 2025 წლის იანვრამდე თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელის წასვლის წელს „ნაპოლიმ“ მე-4 სკუდეტო მოიგო, მანამდე კი ხვიჩას პირველივე სეზონში ნეაპოლური გუნდი 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი და ნანატრი სკუდეტო მესამედ აღმართა.