მერაბ დვალიშვილი, ჯონ ვუდი
Aa
Aa

„მერაბს თავისი თავის სჯერა და ეს საშიში რამაა, რასაც ახლა ვხედავ წარმოუდგენელია“

მერაბ დვალიშვილი მუდმივად პროგრესირებს და თავის არსენალს ავითარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მოულოდნელად თავის სტილს შეცვლის, რამაც მას MMA-ში წარმატება მოუტანა. ამ ყველაფერში დარწმუნებულია UFC-ის მოქმედი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, ჯონ ვუდი.

„ეს სახალისოა. ინტერვიუს ვაძლევ, ვსაუბრობ იმაზე, რომ მერაბს გაუუმჯობესდა დარტყმები, შეუძლია მეტოქეების ნოკაუტში ჩაგდება, აკეთებს საბმიშენებს, ახრჩობს ხალხს დარბაზში, რის შედეგადაც უამრავ კრიტიკას ვიღებ: „თქვენ ცვლით მის სტილს!“. მაგრამ ჩვენ არაფერს ვცვლით. ის აგრძელებს იმის კეთებას, რასაც ყოველდღე აკეთებს. რასაც ოქტაგონზე ხედავთ, იმას გააგრძელებს. ჩვენ უბრალოდ მის მოქმედებებს  ახალ ფენებს ვამატებთ.

არ იქნება ისე, რომ მერაბს ვუთხრა: „ჰეი, წადი და დაანოკაუტე ის ფეხზე დგომში, არ გადაიყვანო პარტერში“. ეს არ მოხდება. ეს არ არის ჩვენი სტილი. შეუძლია თუ არა მას მეტი საბმიშენის გაკეთება? დიახ. ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ არა მებრძოლის ან მისი სტილის შეცვლის ფასად.

არსებობს გამონათქვამი: „თუ არ არის გატეხილი – არ შეაკეთო“. ამას ხშირად მახსენებენ. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვაქვს გატეხილი, მაგრამ ვცდილობთ უკეთესი გავხადოთ. ვფიქრობ, ჯერჯერობით მერაბის შესაძლებლობების მხოლოდ 60-70%-ს ვხედავთ. მის ზღვართან ახლოსაც კი არ მივსულვართ. რასაც ახლა ბანაკში ვხედავ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ახლა მყავს მებრძოლი, რომელსაც სჯერა საკუთარი ძალების, და ეს საშიში რამაა“,

– განაცხადა ამერიკელმა სპეციალისტმა MMA Fighting-თან ინტერვიუში.

ქართველი ჩემპიონი ოქტაგონზე 4 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, UFC 320-ზე დაბრუნდება, სადაც ღონისძიების მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში ჩემპიონის ქამარს დაიცავს. მისი მეტოქე ამერიკელი კორი სენდჰეგენი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები