„ტორესი ისე შეიძინა, ჩემთვის სიტყვაც არ უთქვამს“ - ანჩელოტიმ აბრამოვიჩზე ისაუბრა
კარლო ანჩელოტიმ ავტობიოგრაფიულ წიგნში სახელწოდებით „ოცნება - ჩემპიონთა ლიგის მოგება“ რომან აბრამოვიჩთან არსებულ რთულ ურთიერთობაზე დეტალურად მოჰყვა. ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის განცხადებით, კლუბების იმ პრეზიდენტებს შორის, რომლებთანაც უმუშავია, მასზე ყველაზე დიდ ზეწოლას „ჩელსის“ იმდროინდელი რუსი მეპატრონე ახორციელებდა.
კარლო ანჩელოტი
„ლონდონში სამუშაოდ გადასულმა თავიდანვე ვიცოდი, რომ მხოლოდ ჩემი გამოცდილება წარმატების მისაღწევად საკმარისი არ იქნებოდა. აბრამოვიჩმა თავიდანვე ნათლად მომთხოვა, რომ ჩემპიონთა ლიგა მომეგო და „ჩელსის“ მოედანზე საკუთარი მკაფიო, სათამაშო იდენტობა ჰქონოდა. ამ დროს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ვმუშაობდი რუს ოლიგარქთან, რომელსაც ეგონა, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნებოდა. მახსოვს, როდესაც „უიგანთან“ 1:3 წავაგეთ, მეორე დილით კლუბის ბაზაზე სპეციალურად მოვიდა და ახსნა-განმარტებების გაკეთება მომთხოვა.
ბევრი ლაპარაკობს ბერლუსკონის რთულ ხასიათზე, მაგრამ სილვიოს ჩემზე კონტროლის დაწესების მსგავსი მცდელობები, როგორიც აბრამოვიჩს ჰქონდა, არასოდეს ჰქონია. უბრალოდ ის იყო ძალიან მომთხოვნი და ხანდახან ყიდულობდა ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც არ მჭირდებოდა. თუმცა, მაინც ყიდულობდა, რადგან თვლიდა, რომ ტაქტიკის შედგენის დროს, ჩემ საქმეში ჩარევის უფლებას მივცემდი
აბრამოვიჩზე კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ - ის საოცრად გაღიზიანდა, როდესაც ჟოზე მოურინიოსთან დავმარცხდი და წამომაძახა, რომ პორტუგალიელის სახით, დაღლილმა და ჩამოწერილმა სპეციალისტმა დამამარცხა. ის ასევე გაბრაზდა, როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს ფერნანდო ტორესი შესვენებაზე შევცვალე, მაგრამ როდესაც საყვედური მითხრა, პირდაპირ განვუცხადე, რომ ესპანელი „ლივერპულიდან“ ისე იყიდა, რომ ჩემთვის არაფერი უთქვამს“.
ცნობისათვის, კარლო ანჩელოტი „ჩელსის“ 2009 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 22 მაისამდე ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 106 მატჩიდან გუნდმა 67 მოიგო, 20 ფრედ დაასრულა და 22 წააგო. იტალიელმა „არისტოკრატებს“ თითოჯერ პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა.