იამალი დაბრუნდა, რაფინია დაკარგეს - კარგი და ცუდი ამბები ბარსაში
დღეს „ბარსელონას“ სამედიცინო შტაბმა ორი ინფორმაცია გაავრცელა - ერთმა მათგანმა კლუბის გულშემატკივრები კარგ ხასიათზე დააყენა, მეორემ კი გუნება-განწყობილება გაუფუჭა. მშვენიერი სიახლე გახლდათ ის, რომ ლამინ იამალმა საზარდულის ტრავმა, რომლის გამოც ბოლო ოთხი მატჩის გამოტოვება მოუწია, საბოლოოდ მოიშუშა, ვარჯიშს შეუდგა და „სოსიედადთან“ სათამაშოდ მზად არის. იგივეს თქმა შეიძლება ალეხანდრო ბალდეზე, რომელსაც აგვისტოს შემდეგ არ უასპარეზია და სარეაბილიტაციო პროცესი გუშინ დაასრულა.
ერთი ლიდერი დაბრუნდა, მეორე კი დაშავდა. საუბარია რაფინიაზე, რომელმაც ტრავმა გუშინ, „ოვიედოსთან“ (1:3) მოგებულ მატჩში მიიღო და წინასწარი დიაგნოზით მისი დაბრუნება მხოლოდ ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ იგეგმება. ასე რომ, ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 2 საგოლე პასია, ლა ლიგაში „სოსიედადთან“ და „სევილიასთან“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ-ჟერმენთან“ თამაშებს გამოტოვებს. ასევე „ოვიედოსთან“ თამაშში დაშავდა „ბლაუგრანას“ მეკარე ჟოან გარსია, რომელიც რაფინიას მსგავსად, სანაკრებო პაუზამდე ვერ ითამაშებს.
ცნობისათვის, ესპანეთის ლა ლიგაში ექვს ტურში დაგროვებული 16 ქულით „ბარსელონა“ მეორე ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს კატალონიური გრანდი 28 სექტემბერს, საკუთარ სტადიონზე „სოსიედადთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.