„ძალიან კარგი თამაში ჰქონდა“ | არნე სლოტმა მამარდაშვილი შეაქო
ინგლისის კარაბაოს თასის 1/16-ფინალში „ლივერპული“ „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა. შეხვედრის შემდეგ „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა გუნდის თამაში შეაფასა და გიორგი მამარდაშვილი შეაქო, რომელმაც მერსისაიდულ გრანდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
„ჩვენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ეს მოსალოდნელია, როდესაც მოედანზე თითქმის სრულიად ახალი გუნდი გადის. ბევრ ისეთ ფეხბურთელს მიეცა დრო, რომლებსაც დიდი ხანია არ უთამაშიათ.
მიუხედავად ამისა, დადებითიც ბევრი იყო. გიორგი მამარდაშვილმა ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. ფედერიკო კიეზამ და ჯოვანი ლეონიმაც კარგად იასპარეზეს. ისაკმა პირველი გოლი გაიტანა, უგომ კი მორიგი ბურთი შეაგდო. ასე რომ, ამ თამაშიდან პოზიტივიც მივიღეთ, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენი საუკეთესო გამოსვლა ნამდვილად არ ყოფილა.“
სხვათა შორის, სლოტმა ეკიტიკეს ეპიზოდზეც ისაუბრა. უგომ ანგარიში 2:1 გახადა და გოლი მაისურის გახდით აღნიშნა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ეკიტიკეს საქციელს სულელური უწოდა და განაცხადა, რომ ფეხბურთელისთვის ემოციების კონტროლია საჭირო.