„ხვიჩამ ყველაზე მეტი ტიტული მოიგო, მაგრამ...“ - სიომინი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე კომენტარი გააკეთა და ქართველ ფეხბურთელზეც ისაუბრა.
სიომინმა აღნიშნა, რომ გასულ სეზონში ხვიჩას გუნდში ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა და რეიტინგში უფრო მაღალ ადგილს იმსახურებდა.
რას ამბობს სიომინი:
„დემბელემ ძალიან კარგად ითამაშა. მან გასულ სეზონში ბევრი ტიტული მოიგო — საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი. ეროვნულ ნაკრებშიც გამორჩეული იყო, ასევე ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი... ეს ჯილდო დამსახურებულად მიიღო.“
„ოქროს ბურთის დაჯილდოება ყოველთვის საფრანგეთში იმართება, ამიტომ დემბელეს მიმართ, ალბათ, გარკვეული მიკერძოებაც იქნებოდა. მეგონა, რომ ამ სამიდან — დემბელე, იამალი და ხვიჩა — ერთ-ერთი მოიგებდა და სწორად გამოვიცანი.“
„საერთო ჯამში, მოგებული ტიტულების რაოდენობით ხვიჩა პირველ ადგილზე იყო. ყველა იმ ტიტულთან ერთად, რომელიც პსჟ-ში მოიგო, იტალიის ჩემპიონიც გახდა და სეზონის პირველ ნახევარში საკვანძო როლი ჰქონდა. ძალიან ბევრი ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი, რადგან ბევრი ფეხბურთელი თანაბარ დონეზე თამაშობდა, მაგრამ დემბელეს გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა.“
„ხვიჩა მე-12 ადგილზე? ის უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს. ამ დონეზე მოთამაშე ბევრი ფეხბურთელი ყოფილა, რომლებსაც „ოქროს ბურთი“ არ მოუგიათ. მაგალითად, „ლივერპულის“ მცველი და კაპიტანი, ვირჯილ ვან დაიკი. ის ამას იმსახურებდა.“
„ხვიჩას ამჟამინდელი პოზიცია არ არის მისი რეალური დონის შეფასება.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა, პრიზის მფლობელი კი მისი თანაგუნდელი, უსმან დემბელე გახდა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული გუნდის მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა და თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში, „ატალანტას“ წინააღმდეგ გატანილი გოლით შეძლო.
პსჟ მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ოსერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:05 საათზე დაიწყება.