„მის წინააღმდეგ თამაში საშინელებაა“ - ვეტერანი ფრანგი ხვიჩაზე
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა და „ბორდოს“, „სენტ-ეტიენისა“ და „სევილიას“ ყოფილმა მცველმა, ბენუა ტრემულინასმა ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე თავისი აზრი დააფიქსირა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
ტრემულიანი ამჟამად გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს კონსულტანტად მუშაობს. ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ ხვიჩა ოქროს ბურთის საბოლოო რეიტინგში უფრო მაღალ ადგილს იმსახურებდა.
რა თქვა ტრემულინასმა:
„საშინელებაა კვარას მსგავსი მოთამაშის წინააღმდეგ თამაში. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ შეგიძლია პირველი სამი დუელის მოგება, მაგრამ ის ცდას მაინც გააგრძელებს და მეოთხე ცდაზე მოგიგებს. ამით არ იღლება, საპასუხოდ კი შენ ძალიან გღლის. მას პატარა სივრცეშიც წარმოუდგენელი თავდაჯერება აქვს და რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეუძლია. ვფიქრობ, როდესაც ის „პარი სენ-ჟერმენში“ მივიდა, გუნდის დონის ამაღლება მოახერხა. ის საკვანძო მოთამაშედ იქცა. ვფიქრობ, ოქროს ბურთის რეიტინგში ის უფრო მაღალ ადგილსაც იმსახურებდა.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა. პრიზის მფლობელი კი მისი თანაგუნდელი, უსმან დემბელე გახდა.
მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული გუნდის მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა და თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში, „ატალანტას“ წინააღმდეგ გატანილი გოლით შეძლო.
პსჟ მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ოსერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:05 საათზე დაიწყება.