„გუნდის გადარჩენა მხოლოდ ქეცბაიას შეუძლია“ - ანორთოსისის სპორტული დირექტორი
„ანორთოსისის“ ტექნიკურმა დირექტორმა, აპოსტოლოს მაკრიდისმა ერთ-ერთ პოდკასტში კლუბის მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას დანიშვნის მიზეზებზე ისაუბრა.
„ახლა რასაც ვამბობ, ჯერ არსად თქმულა: პირველი შეხვედრა ქეცბაიასა და კლუბის პრეზიდენტს, კირიაკოს პრასტიტისს შორის წარუმატებელი იყო. რაღაც უნდა მომემოქმედა და შეტყობინება გავუგზავნე - კიდევ ერთ შეხვედრაზე შევთანხმდით. ქეცბაიას პირდაპირ ვუთხარი, რომ ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც ამ რთული სიტუაციიდან „ანორთოსისის“ გამოყვანა შეუძლია.
ვუთხარი, რომ მართვის სადავეები მას ექნებოდა, იმიტომ რომ ეს „ანორთოსისის“ ისტორიაში ყველაზე რთული სეზონია. მან ხელი ჩამომართვა და რამდენიმე დღეში კონტრაქტიც გაფორმდა.
ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ახლა გუნდს ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც კარგად იცნობს „ანორთოსისს“. გუნდთან პირველ საუბარში ქეცბაიამაც ზუსტად ეს თქვა - „არ ვიცი, თქვენ მეგებებით მე, თუ პირიქით“. თემურს ახლა ჩვენი დახმარება სჭირდება, იმიტომ რომ მას რთულ პირობებში უწევს მუშაობა. ასეთ ვითარებაში მას არასოდეს უმუშავია“.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ანორთოსისის ადმინისტრაციამ გულშემატკივრებს ფინანსური პრობლემების შესახებ აცნობა და ამას საოცარი რეაქცია მოყვა. 48 საათზე ნაკლებ დროში კლუბის მხარდამჭერებმა 100,000 ევრო შეაგროვეს.
ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისმა“ უკვე 2 მატჩი გამართა - ფრე აეკ-თან (1:1) და მარცხი ეთნიკოსთან (0:2). 4 ტურის შემდეგ გუნდი 2 ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 ადგილზეა.