ხვიჩას გოლი არ უნდა ჩათვლილიყო? | რა წერია ოფიციალურ განცხადებაში
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლიონი“ 3:2 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა და 33-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახადა, თუმცა მის დარტყმამდე იყო ეპიზოდი, რომლის გამოც „ლიონის“ მოთამაშეები გოლის გაუქმებას ითხოვდნენ.
საუბარია ვიტინიას ქმედებაზე, რომელმაც ტანერ ტესმანს ბურთი წაართვა. აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო ტექნიკურმა დეპარტამენტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და „ლიონის“ მხარე დაიჭირა.
„ამ ეპიზოდის ანალიზი საკმაოდ რთულია, რადგან მისი ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს — სხვადასხვა კრიტერიუმის გამოყენებით. მიუხედავად ამისა, პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის მარჯვენა ფეხი ჯერ ლიონის მოთამაშის საყრდენ ფეხს ეხება, შემდეგ კი ბურთს. ამ კონტაქტით აიხსნება ლიონის მოთამაშის წაქცევა, და ასეთ სიტუაციებში ტექნიკური დეპარტამენტი პრიორიტეტს გოლის გაუქმებასა და ლიონის სასარგებლოდ ჯარიმის დანიშვნას ანიჭებს,“ — ნათქვამია პრესრელიზში.
სხვათა შორის, განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ მთავარ არბიტრს ბენუა ბასტიენს აშკარა შეცდომა არ დაუშვია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომენტის ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს.