გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ნაკრებს ლეგენდა ტოვებს - შერმადინი ეროვნულ გუნდს 30 ნოემბერს დაემშვიდობება

ნოემბერში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ გუნდს ლეგენდარული და ყველასთვის სამაგალითო კალათბურთელი დაემშვიდობება - გიორგი შერმადინმა, რომელსაც სპორტის ამ სახეობის ქართველი გულშემატკივრებისთვის მშობლიური ქვეყნის ნაკრების მაისურით არაერთი დაუვიწყარი მატჩი და წუთები უჩუქებია, 36 წლის ასაკში სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 27 ნოემბერს საქართველო-უკრაინა შერმოსთვის ბოლო საშინაო თამაში იქნება და „თბილისი არენაზე“ ქომაგებს დაემშვიდობება, უკანასკნელ სანაკრებო მატჩს კი 30 ნოემბერს სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს, რომელსაც გიორგისთვის კარგად ნაცნობი „ლაგუნა ტენერიფეს“ საშინაო დარბაზი უმასპინძლებს.

2006 წლის 3 სექტემბერს გამართული საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი ბევრს ფაჩულია-ჯონსის კონფლიქტით დაამახსოვრდა, თუმცა ეს თამაში შერმადინისთვის დღემდე დაუვიწყარია, რადგან მისი სანაკრებო დებიუტი შედგა. წლების გასვლასთან ერთად გიორგი ნაკრებისთვის იმდენად მნიშვნელოვან ფიგურად იქცა, რომ იგორ კოკოშკოვს, რომელსაც არაერთ დიდ გუნდში უმუშავია, ათქმევინა, რომ ის ევროპის საუკეთესო ცენტრია. სერბი მწვრთნელისგან ასეთი კომპლიმენტი შერმადინმა ევრობასკეტ 2013-ზე პოლონელებთან მოგებული შეხვედრის შემდეგ დაიმსახურა. მაშინ გიორგიმ ტრავმირებული თორნიკე შენგელიას და ზაზა ფაჩულიას არყოფნის პირობებში ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და პოლონელების ვარსკვლავი მარცინ გორტატი გაანეიტრალა.

არანაკლებ დასამახსოვრებელია მისთვის 2019 წლის თებერვალში ბერძნებისა და ესტონელების წინააღმდეგ გამართული თამაშები, სადაც მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული - ამ ორ მატჩში 77 წუთი ითამაშა და ამ დროში ერთი ფოლიც კი არ მიუღია. აქამდე რეკორდსმენი შონ ბრედლი გახლდათ, რომელმაც 1999 წელს „დალასი“ – „საკრამენტოს“ ორ მატჩში 63 წუთში მხოლოდ 3 ჯარიმა აიღო.

1989 წლის 2 აპრილს სოფელ ნატახტარში დაბადებული გიორგი თავიდანვე დიდი საკალათბურთო ნიჭით გამოირჩეოდა, რომლის რეალიზაციაში და სწორად გამოყენებაშიც ლეგენდარული კომენტატორი და მწვრთნელი ჯამლეტ ხუხაშვილი დაეხმარა. 217 სანტიმეტრი სიმაღლის შერმადინმა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში 89 ქულა დააგროვა, სუპერლიგაში გამართულ სადებიუტო სეზონში „მაკაბიში“ კი, საშუალოდ 28,5 ქულას, 14,7 მოხსნას, 2,8 ასისტსა და 3 დაფარებას აგროვებდა.

ბუნებრივია, კარიერის დასაწყისში სხვების მსგავსად, NBA-ში წასვლის შანსი მასაც ჰქონდა, მაგრამ მენისკის ტრავმის გამო 2008 წლის დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ამის შემდეგ კი იმის შიშით რომ მას ქრონიკული ტრავმა ჰქონდა, ამერიკის კლუბები შერმადინის დამატებაზე თავს იკავებდნენ.

საქართველოდან წასვლის შემდეგ ესპანეთში გადაბარგებამდე საბერძნეთის გრანდების, „პანათინაიკოსისა“ და „ოლიმპიაკოსის“, ასევე „უნიონ ოლიმპიასა“ და „კანტუს“ ღირსებას იცავდა. ამას მოჰყვა ლიგა ენდესაში ჯერ „სარაგოსაში“, შემდეგ კი „მორაბანკ ანდორასა“ და „უნიკახაში“ თამაში. მართალია ამ პერიოდში  2-ჯერ ევროლიგა, თითოჯერ კი საბერძნეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, მაგრამ ბოლომდე მაინც „ლაგუნა ტენერიფეში“ გაიხსნა, რომლის ღირსებასაც 2019 წლიდან იცავს.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, რომელიც სიძლიერით NBA-ს შემდეგ მსოფლიოში რიგით მეორე ლიგად ითვლება, გიორგი შერმადინი სეზონის MVP ორჯერ, 2021 და 2023 წლებში გახდა. კარიერის მანძილზე ის ლიგა ენდესას თვის საუკეთესო კალათბურთელად 14-ჯერ აღიარეს, რითაც ერთპიროვნული რეკორდსმენია და ტანოკა ბერდი და არვიდას საბონისი დიდი ხანია უკან ჩამოიტოვა. ბოლოს ეს ჯილდო გიორგიმ სულ ახლახანს, რამდენიმე კვირის წინ მოიგო და ოქტომბრის MVP-ის პრიზი სრულიად დამსახურებულად მოიპოვა - გასულ თვეში 36 წლის ცენტრი საშუალოდ 18,5 ქულასა და 7 მოხსნას აგროვებდა, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27 შეადგინა.

რეკორდების სიმცირეს გიორგი არც ჩემპიონთა ლიგაში უჩივის, რომლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიცაა. 2024 წლის დასაწყისში მან ვოიტეხ ჰრუბანი მეორე ადგილზე დააქვეითა, 1000-ქულიან ზღვარს გადასცდა და ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა.

სოლიდურ საკალათბურთო ასაკში ყოფნის მიუხედავად, 36 წლის გიორგი შერმადინის შედეგიანობა არც მიმდინარე სეზონში იკლებს და არამხოლოდ თავის გუნდში, არამედ მთლიანად ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში გამორჩეული მოთამაშეა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში პარკეტზე გატარებულ 253 წუთში მის ანგარიშზე 169 ქულა, 64 მოხსნა და 15 ასისტია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი კლუბი ცნობილია | სანაძე ესპანეთში ითამაშებს
ახალი კლუბი ცნობილია | სანაძე ესპანეთში ითამაშებს