„თუ ამას გააუმჯობესებს, განსაკუთრებული გახდება“ - ლივერპულის ფანები მამარდაშვილზე
„ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის ტრავმის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა ბრაზილიელი ზედიზედ რამდენიმე მატჩში შეცვალა და განსაკუთრებით ბოლო თამაშებში სტაბილურობაც მოიპოვა. ქართველმა მეკარემ ბოლო სამი მატჩიდან 2 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვაც შეძლო - პრემიერ ლიგაში „ასტონ ვილასთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ მატჩებში.
მოსალოდნელია, რომ ალისონი თამაშს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება და ბრიტანულ მედიაში დარწმუნებულები არიან, რომ ბრაზილიელი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს. თუმცა, ყველაზე სასიამოვნო რაც არის, მამარდაშვილმა უკვე მოიპოვა „ლივერპულის“ გულშემატკივრების სიმპათია და სოციალურ ქსელ X-ზე მრავლად გვხვდება კომენტარები, სადაც ფანები ქართველ მეკარეს მხარს უჭერენ.
„ლივერპულთან“ დაახლოებულ ერთ-ერთ ფან-გვერდ The Immortal Kop-ზე დაიდო პოსტი, თუ რას ფიქრობენ გულშემატკივრები გიორგი მამარდაშვილის შესახებ, პოსტზე კი ასეთი კომენტარები გვხვდება:
„არ მგონია, ბევრი ისეთი გოლი გაეშვა, რომლის გადარჩენასაც ალისონი შეძლებდა.“
„პირველ რამდენიმე მატჩში ნერვიულად გამოიყურებოდა, მაგრამ საერთო ჯამში, ის კარგად ათამაშდა. თავდაჯერებამაც მოიმატა, ბურთის ფლობა გაუმჯობესდა და გაკვირვებული ვიყავი, თუ რამდენად ზუსტი იყო მისი გრძელი პასები და ბურთის ატანის უნარი. როგორც ჩანს, მას კელეჰერზე მაღალი პოტენციალი აქვს.“
„მტკიცე და იმედისმომცემი მეკარეა. ჩვენი ბიჭი მომავალში ნამდვილად იქნება „ლივერპულის“ პირველი ნომერი.“
„ალისონის ტრავმის შემდეგ, ის გუნდში საუკეთესო მოთამაშე იყო. ალისონის დაბრუნება არ გვჭირდება, მამარდაშვილს „ფორესტის“ წინააღმდეგ თამაში შეუძლია.“
„ფანტასტიკური პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, ფეხით თამაშის განვითარების შემთხვევაში განსაკუთრებული გახდება.“
What’s everyone’s thought on Mamardashvili so far?
— ???? (@TheImmortalKop) November 11, 2025
Few questionable things but I think overall he’s been very good pic.twitter.com/k8UawU3YFl
მიმდინარე სეზონში, გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაუშვა და 3 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ნოტინგემ ფორესტთან“ გამართავს, თუმცა ითამაშებს თუ არა ქართველი მეკარე ამ მატჩში, ეს ჯერჯერობით, უცნობია. როგორც გითხარით, ალისონ ბეკერის ტრავმიდან დაბრუნებას სწორედ „ნოტინგემ ფორესტთან“ შეხვედრაში ვარაუდობენ.