„ამ ჩხუბის ხილვა ყველას უნდა“ | ხაბიბმა და დენამ ილიასა და ისლამის ბრძოლაზე ისაუბრეს
UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა და ორგანიზაციის ლეგენდარულმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრეს. ნურმაგომედოვი და უაითი ერთ აზრზე არიან და თვლიან, რომ ეს ორთაბრძოლა ძალიან დიდი მოვლენა იქნება.
„ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ილიასა და ისლამის დაპირისპირება უდიდესი ორთაბრძოლაა. ეს უფრო დიდი მოვლენა იქნება, ვიდრე ჯონ ჯონსისა და ალექს პერეირას ჩხუბი. ჯონსი vs პერეირა დიდი ორთაბრძოლაა, მაგრამ ისლამისა და ილიას ჩხუბის დონეზე არ არის,“ — განაცხადა „არწივმა“.
„ილიასა და ისლამის ჩხუბის გამართვის შანსი ნამდვილად არსებობს. ვფიქრობ, ამ ორთაბრძოლის ხილვა ყველას სურს — მათ შორის, თოფურიასა და მახაჩევსაც,“ — აღნიშნა უაითმა.
შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქში გადასვლის შემდეგ თოფურიამ მახაჩევი გამოიწვია, თუმცა ისლამმა დივიზიონი დატოვა და ქვესაშუალო წონაში ავიდა. ისლამი მომდევნო ჩხუბს საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და მის შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.