„მერაბის ჩამოწერა არ შეიძლება“ - ევლოევმა პროგნოზი გააკეთა
24 ოქტომბერს, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს დაუვიწყარი სანახაობა ელით - არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გასამართი ქარდის მთავარი მოვლენა ქვესაშუალო წონის სატიტულო ჯახი იქნება ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევს შორის, თუმცა იანი-დვალიშვილის ბრძოლის სახით თანამთავარი მოვლენაც ისეთია, რომ მთავარს ბევრით არაფრით ჩამოუვარდება. სწორედ ევლოევს სთხოვეს ქართველი და რუსი მებრძოლების დაპირისპირებაში ფავორიტის დასახელება, რაზეც მან საკმაოდ ვრცელი პასუხი გასცა.
მოვსარ ევლოევი
ფავორიტის დასახელებას თუ მთხოვთ, მაშინ პიოტრ იანს გეტყვით, თუმცა იმაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, როგორი კემპი ექნება მერაბ დვალიშვილს გავლილი. ბევრმა ის ჩამოწერა, რაც ნამდვილ სისულელედ მიმაჩნია. თუ ვინმე ყურადღებას მერაბის მიერ რაღაც საჭიდაო ორგანიზაციაში (RAF-ის იგულისხმა) დაფიქსირებულ შედეგებს აქცევს, მაშინ მას ვეტყვი, რომ თავს იტყუებს. UFC-სგან განსხვავებით, მებრძოლებს ჭიდაობისა და გრეპლინგის ტურნირებზე განცდილი მარცხები არ ადარდებთ და შესაბამისად, იქ გამოსასვლელად მზადებასაც ნაკლები კონცენტრაციით გადიან. ტრილოგიაში მეტი შანსი პიოტრს ექნება, ოღონდ ის ამ ბრძოლისთვის ისე უნდა მოემზადოს, როგორც აქამდე არასოდეს მომზადებულა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბოლო დაპირისპირება 2025 წლის დეკემბერში გაიმართა და რუსმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. საერთო ჯამში კარიერის განმავლობაში ჩატარებული 26 ბრძოლიდან ქართველმა „მანქანამ“ 21 მოიგო და 5-ჯერ დამარცხდა.