„ჯარიმას არ დავნიშნავდი“ - გოვუმ კვარას გოლზე ისაუბრა
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „ნანტისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ფრანგულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ გოლამდე, პრესინგის დროს ვიტინიამ თამაშის წესები დაარღვია და მსაჯს ჯარიმა უნდა დაენიშნა, ნაწილი კი აცხადებდა, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს თამაშის წესები არ დაურღვევია და ხვიჩას გოლი სამართლიანად ჩაითვალა.
ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება საფრანგეთის ნაკრებისა და „ლიონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სიდნი გოვუმ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ამ ეპიზოდში ჯარიმას არ დანიშნავდა.
რა თქვა გოვუმ:
„ამ ტიპის ვიდეოების განხილვა უნდა შევწყვიტოთ. თუ ამას გავაგრძელებთ, მაშინ ყველა შეხებაზე ჯარიმა იქნება. გამეორებები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა რაკურსიდან სხვადასხვა პერსპექტივები არსებობს. არ ვამბობ, რომ მართალი ვარ, უბრალოდ ვამბობ, რომ არ მგონია ამ ეპიზოდში ჯარიმა დამენიშნა. სულ ესაა.“
საგულისხმოა, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო ტექნიკურმა დეპარტამენტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და „ნანტის“ მხარე დაიჭირა.
„ამ ეპიზოდის ანალიზი საკმაოდ რთულია, რადგან მისი ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს — სხვადასხვა კრიტერიუმის გამოყენებით. მიუხედავად ამისა, პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის მარჯვენა ფეხი ჯერ ნანტის მოთამაშის საყრდენ ფეხს ეხება, შემდეგ კი ბურთს. ამ კონტაქტით აიხსნება ნანტის მოთამაშის წაქცევა და ასეთ სიტუაციებში ტექნიკური დეპარტამენტი პრიორიტეტს გოლის გაუქმებასა და ნანტის სასარგებლოდ ჯარიმის დანიშვნას ანიჭებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავარ არბიტრს ბენუა ბასტიენს აშკარა შეცდომა არ დაუშვია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომენტის ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნანტის“ კარში გოლი 33-ე წუთზე გაიტანა და პსჟ-ს სასარგებლოდ ანგარიში 2:1 გახადა. დარჩენილ დროში „ნანტმა“ წონასწორობის აღდგენა შეძლო, თუმცა თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე პარიზულმა გუნდმა ჟოაო ნევეშის გოლით მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება.