„ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზეა და მისი შეჩერება რთული იქნება“ | ხაბიბმა უმარზე ისაუბრა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, საკუთარ ბიძაშვილზე — უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა, რომელიც სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს. „არწივის“ თქმით, უმარი ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზეა და მისი შეჩერება ურთულესი იქნება.
„უმარმა მარიო ბაუტისტას წინააღმდეგ საოცრად იჩხუბა, თუმცა მჯერა, რომ ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე იმ საღამოს აჩვენა. ბაუტისტა კარგი მებრძოლია და ზედიზედ 8 ჩხუბი ჰქონდა მოგებული. UFC-ის რამდენი მებრძოლი შეგიძლიათ დაასახელოთ, ვისაც ზედიზედ ამდენი ჩხუბი მოუგია?
მერაბთან მარცხის შემდეგ ბაუტისტა რთული მეტოქე იყო და ძალიან მომეწონა უმარის ენერგია, რომელიც ორთაბრძოლამდე, ჩხუბის კვირას აჩვენა. პრაქტიკულად სრულიად სხვა მებრძოლი იყო, ვიდრე დაახლოებით ერთი წლის წინ (მერაბთან ჩხუბისას). უმარი ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზეა და მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება.
უმარი მზად არის, ნებისმიერ მეტოქესთან იჩხუბოს. თუ სატიტულო ორთაბრძოლას მიიღებს — თანახმა იქნება; თუ ეს არ მოხდება, პრობლემა არ ექნება, სხვა მებრძოლს დაუპირისპირდეს. მისი თავდაჯერება ძალიან მომწონს. მინდა, კარიერის დასრულებამდე, უმარმა მერაბთან, ო’მალისთან და იანთან იჩხუბოს. მერაბი და იანი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლები არიან და მინდა, უმარი მათ დაუპირისპირდეს.“
შეგახსენებთ, რომ უმარმა ბაუტისტა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ-15-ის პირველი ნომერი გახდა.