„თემურმა დიდი სამუშაო შეასრულა“ - ანორთოსისში ქეცბაიაზე ისაუბრეს
კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „პაფოსს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ამით, ქართველი სპეციალისტის გუნდის წაუგებელი სერია 4 მატჩამდე გაიზარდა და კვიპროსში აქტიურად საუბრობენ თემურ ქეცბაიას გავლენაზე, რამაც „ანორთოსისის“ შედეგები საგრძნობლად გამოასწორა.
კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, სტელა სოკრატუსმა რადიო Sport FM-ზე სტუმრობისას გუნდში თემურ ქეცბაიას როლზე ისაუბრა და ასევე, ყურადღება ფსიქოლოგიურ ფაქტორზეც გაამახვილა.
სტელა სოკრატუსი:
„პაფოსთან“ ჩატარებული მატჩი იმ თამაშებს მიეკუთვნება, რომელმაც ყველა მხრიდან კმაყოფილები დაგვტოვა. სათამაშო ხარისხის გარდა, ქულაც მოვიპოვეთ, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ქულა „პაფოსის“ დონის გუნდთან ავიღეთ. გაუმჯობესება თანდათანობით ხდებოდა და პიკს „პაფოსთან“ მატჩში მიაღწია. ჩვენთვის, ეს მატჩი ამ სეზონში ხარისხობრივად საუკეთესო იყო.“
„რამ შეუწყო ხელი გაუმჯობესებას? საქმე მხოლოდ ერთ ერთ რამეში არ არის. პირველი და ერთ-ერთი მთავარი ფსიქოლოგიური ფაქტორია. დავადგინეთ, რომ ფსიქოლოგიური წნეხი გვქონდა, ფეხბურთელები სტრესს განიცდიდნენ. წარუმატებლობის პირამიდაში ამას პირველ ადგილზე დავაყენებდი. რამდენიმე კვირის წინ, „კრასავასთან“ გამარჯვებამ თავდაჯერება მოგვცა და ფსიქოლოგიური წნეხი შეამსუბუქა. ამის შემდეგ კი გუნდში ქეცბაიას მოსვლას დავასახელებდი. მან ყველას მისცა საშუალება, რომ შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინათ და ახლა, ყველა ფეხბურთელს კარგად იცნობს. მან იპოვა თერთმეტეული, ვისთან ერთადაც თამაში სურს. ფეხბურთელებმაც ისწავლეს გუნდურად თამაში და ახლა იმ ყველაფერს ვხედავთ, რაც „ანორთოსისს“ აკლდა. თემურმა ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა.“
ცნობისთვის, „ანორთოსისთან“ მატჩამდე „პაფოსი“ ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა, რამდენიმე დღეში კი თემურ ქეცბაიას გუნდთან ფრედ, 1:1 ითამაშა.
ქეცბაიამ „ანორთოსისი“ კარიერაში მესამედ, 5 სექტემბერს ჩაიბარა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 10 ტურის შემდეგ ფამაგუსტელები 8 ქულით (1 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება) სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზე არიან.