ინტერ მაიამის კონკურენტი გამოუჩნდა - ფლუმინენსე ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობს
ბრაზილიის ჩემპიონატის მე-17 ადგილზე მყოფ „სანტოსს“ უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნა ემუქრება, რამაც აქტუალური გახადა საუბრები იმაზე, თუ სად გააგრძელებს კარიერას ნეიმარი.
გამოცემა Goal.com-ის ცნობით, ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად ნეიმარის სახელს „ინტერ მაიამის“ უკავშირებენ, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელები - ლუის სუარესი და ლიონელ მესი თამაშობენ. თუმცა დევიდ ბექჰემის გუნდს კონკურენტი ბრაზილიაში გამოუჩნდა და ეს „ფლუმინენსეა“.
„ნეიმარმა უკვე იცის, რომ „სანტოსი“ მას კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს. შესაბამისად, 1 იანვრიდან ბრაზილიელი თავისუფალი აგენტი გახდება. სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა კარიერას ასრულებენ, რაც „ინტერ მაიამის“ განაცხადში ნეიმარისთვის ადგილს გაათავისუფლებს.
„ფლუმინენსე“ ამ გეგმის ჩაშლას ცდილობს და ნეიმარის ტრანსფერში გადამწყვეტ როლს გუნდის კაპიტან ტიაგო სილვას აკისრებს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ფლუმინენსეს“ ღირსებას იცავს ნეიმარის მეგობარი განსო, რომელიც „ნეიმართან“ ერთად „სანტოსში“ 2009-2012 წლებში თამაშობდა.
ბევრი რამ დამოკიდებული იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, რომელიც „ფლუმინენსეში“ უახლოეს კვირებში გაიმართება“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, თუმცა „სანტოსს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამ დროისთვის ნეიმარის გუნდი 33 ქულით მე-17 ადგილზეა - „თევზებს“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების განაცხადის მიღმა დარჩა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად მას 2026 წლის პირველ ნახევარში სტაბილური თამაშის ჩვენება დასჭირდება.