ვარსკვლავების შოუ NBA-ში - იოკიჩმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა
NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ საშეჯიბრო დღეს ვარსკვლავებმა კიდევ ერთი შოუ დადგეს - ნიკოლა იოკიჩმა, სტეფ კარიმ და შეი გილჯეს-ალექსანდერმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რატომ ითვლებიან საუკეთესოებად.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკოლა იოკიჩის ფენომენალური ასპარეზობა, რომელიც „დენვერს“ „კლიპერსთან“ (130:116) გამარჯვებაში 33 წუთში დაგროვებული 55 ქულით, 12 მოხსნით, 6 ასისტით, 1 დაფარებითა და 1 ჩაჭრით დაეხმარა. „ნაგეტსის“ სერბმა ლეგიონერმა პირველი მეოთხედი 25 ქულით დაასრულა, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში აქამდე არც ერთ ცენტრს არ გაუკეთებია. იოკიჩმა ექვსიდან ხუთი სამქულიანი, ჩვიდმეტიდან ცამეტი ორქულიანი და თექვსმეტიდან თოთხმეტი საჯარიმო ჩააგდო.
გასული ცამეტი თამაშიდან მეშვიდედ მოხდა, რომ შეი გილჯეს-ალექსანდერი მეოთხე მეოთხედში პარკეტზე არ გამოჩენილა, თუმცა ამას „ოკლაჰომას“ ლიდერისთვის ხელი არ შეუშლია კიდევ ერთი შედეგიანი თამაში ჩაეტარებინა. „თანდერის“ კანადელმა კალათბურთელმა 29 წუთში 30 ქულა, 5 მოხსნა, 9 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. შეის ანგარიშზე შვიდიდან ორი სამქულიანი, თერთმეტიდან რვა ორქულიანი და ცხრიდან რვა ზუსტი საჯარიმოა.
მართალია, სტეფ კარის ეს ყველაფერი თავისი მთავარი პლუსის ხარჯზე არ გაუკეთებია და პერიმეტრიდან მისი თექვსმეტი ტყორცნიდან ზუსტი მხოლოდ ხუთი გამოდგა, მაგრამ „სან ანტონიოსთან“ (125:120) მოგებულ შეხვედრაში „გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავმა 46 ქულას თავი მაინც მოუყარა. კარიმ ხუთი სამქულიანის გარდა, ცხრიდან რვა ორქულიანისა და თექვსმეტიდან თხუთმეტი საჯარიმოს რეალიზება შეძლო. გარდა ამისა, თავი 5 მოხსნით, 5 ასისთა და 2 ჩაჭრითაც გამოიჩინა.
ცნობისათვის, ამავე შეხვედრაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ფრანგი კალათბურთელი ვიქტორ ვემბანიამა, რომელმაც 31 ქულით, 15 მოხსნითა და 10 ასისტით სამმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა „სპურსს“ ეს გასამარჯვებლად არ ეყო.